LIVE
ვიდეო
22 ნოე, 2023 19:00
რას ედავება გამოძიება Binance-ს და რა სასჯელი ემუქრება უმსხვილეს კრიპტობირჟას - დეტალები
607

Binance-ის ხელმძღვანელი, ჩანგპენგ ჟაო თანამდებობიდან გადადგა და ფინანსური დანაშაული აღიარა. ბირჟას კრიპტოსფეროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯარიმის $4.3 მილიარდის გადახდა უწევს.  

აშშ-ს რეგულატორებთან დადებული გარიგებით, Binance-ისა და მისი აღმასრულებლის მიმართ მიმდინარე გამოძიება სრულდება. ბრალდებები როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლის სამართლის დანაშაულებს განეკუთვნება

არალიცენზირებული თანხის გადარიცხვები

აშშ-ის განაცხადებით, 2017 წლის აგვისტოდან 2022 წლის ოქტომბრამდე Binance, ჟაო და ბირჟის სხვა ხელმძღვანელი პირები, "შეგნებულად და განზრახ" ახორციელებდნენ ფულის გადარიცხვის არალიცენზირებულ სერვისებს (MSB). 

ბირჟა აშშ-ის ხაზინის ფინანსური დანაშაულის აღსრულების ქსელში (FinCEN), როგორც MSB, რეგისტრირებული არ ყოფილა, რაც გარკვეულწილად განპირობებულია ბირჟის განზრახვით, ქვეყნის მარეგულირებლებს არ აღმოეჩინათ, რომ ის ხელს უწყობდა კრიპტოვაჭრობას მომხმარებლების სათანადო გადამოწმების გარეშე. 

ამ ნაბიჯმა Binance-ს საშუალება მისცა, რომ გაეზარდა ბაზრის წილი და მოგება მაქსიმალურად სწრაფად მიეღო, რითაც ბირჟის მთავარმა ვებგვერდმა ამერიკელი მომხმარებლების მნიშვნელოვანი რიცხვი მიიზიდა. 

ფულის გათეთრება 

აშშ-ის განცხადებით, Binance-მა ხელი შეუწყო "მილიარდობით დოლარის" კრიპტო ტრანზაქციების განხორციელებას ე.წ. "იცოდე შენი კლიენტის" წესის დაცვის გარეშე.  

Binance-ის შესაბამისობის პერსონალმა, მათ შორის შესაბამისობის ოფიცერმა, აღიარა, რომ ბირჟის მიერ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კონტროლი "არაადეკვატური იყო და კრიმინალებს პლატფორმაზე იზიდავდა". 

Binance ტრანზაქციებს ამუშავებდა ისეთი სერვისების ოპერატორების გავლით,  რომლებიც გამოიყენება კრიპტოფონდების წარმომავლობის გასაიდუმლოების მიზნით.

Reuters-ი წერს, რომ 2017 წლის აგვისტოდან 2022 წლის აპრილამდე, Binance.com-ის საფულეებსა და რუსულ დარქნეტ ბაზარს, Hydra-ს შორის $106 მილიონის ღირებულების ბიტკოინი გადაირიცხა. Hydra ხშირად გამოიყენებოდა კრიმინალების მიერ, რომლებიც არალეგალური საქონლისა და მომსახურების გაყიდვაში მონაწილეობდნენ.  

სანქციების დარღვევა

აშშ-ის განცხადებით, Binance-ს ზოგიერთი სანქცირებული იურისდიქციისგან ჰქონდა "მომხმარებლების მნიშვნელოვანი ბაზა" და იცოდა, რომ "ასეთი კლიენტების უმრავლესობა" ირანზე მოდიოდა.  

Binance-სთვის ცნობილი იყო, რომ ის აშშ-ის მომხმარებლებსა და აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს შორის ტრანზაქცებს კანონდარღვევით უშვებდა.

ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წლის იანვრიდან 2022 წლის მაისამდე, აშშ-ს მომხმარებლებსა და ირანში მცხოვრებებს შორის Binance-მა სულ მცირე, $898,6 მილიონის ღირებულების 1,1 მილიონი კრიპტო ტრანზაქცია დაამუშავა. 

დაახლოებით 2019 წლისთვის Binance-მა განაგრძო სანქცირებული ქვეყნების ათასობით მომხმარებლის მომსახურება. მათ შორის არის 12 500-ზე მეტი მომხმარებელი, რომელსაც ირანული ტელეფონის ნომერი აქვს მითითებული. 

"ტერორისტების" დაფინანსება 

Binance-მა არ უზრუნველყო პალესტინის შეიარაღებულ დაჯგუფება ჰამასთან დაკავშირებული საეჭვო ტრანზაქციების შესახებ მთავრობისთვის შეტყობინება. 

აღმოჩნდა, რომ Binance-ში კრიპტო საფულეები უკავშირდებოდნენ ბიტკოინის საფულეებს, რომლებიც კავშირში იყვნენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ ტერორისტულად გამოცხადებულ ორგანიზაციებთან, მათ შორის ისლამურ სახელმწიფოსთან, ალ კაიდასთან და პალესტინის ისლამურ ჯიჰადთან (PIJ).

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ