ფინანსთა სამინისტრო ქონების გადასახადის რეფორმაზე მუშაობს, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა, ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის კანონპროექტის შესახებ განაცხადა.
მოქმედი კანონით, ქონების გადასახადი უნდა გადაიხადოს ოჯახმა, რომლის წევრების ჯამური შემოსავალიც აჭარბებს 40 000 ლარს და ფლობს უძრავ ქონებას. გოცირიძე მიიჩნევს, რომ 2004 წელს დაწესებული ზღვარი, ინფლაციის და შემოსავლების ცვლილების გათვალისწინებით, რეალობასთან შეუსაბამოა და ის 60 000 ლარამდე უნდა გაიზარდოს.
"დღეს ფაქტობრივად სიღარიბის ზღვარზე მყოფი ჩვენი მოქალაქეები ხდებიან ქონების გადასახადის გადამხდელები. ოჯახს, სადაც 3 წევრი მუშაობს და ხელზე იღებს დაახლოებით 900 ლარს, ის ხდება უკვე ქონების გადასახადის გადამხდელი", - თქვა რომან გოცირიძემ "ბიზნეს ფორმულაში" სტუმრობისას.
გოცირიძის თქმით, დღეს საქართველოს მოქალაქეების შემოსავლები და ქონება ვერ ასახავს ზოგადად სიმდიდრის ხარისხს.
"სამწუხაროდ, ჩემ მიერ შეთავაზებული ზღვარიც ასევე დაბალია. მე ორიენტირებული ვიყავი ოპტიმალურ ვარიანტზე, რადგან არ ეთქვათ, რომ ბიუჯეტი ბევრ ფულს კარგავს. სხვათა შორის, ვინაიდან ადმინისტრირება არ ხორციელდება, ქონების გადასახადიდან მიღებული შემოსავალი არის ძალიან მცირე ჩვენს ბიუჯეტში, უკიდურესად მცირეა", - აღნიშნავს გოცირიძე.
ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ ზღვრის 60 000-მდე აწევა, სიღარიბის ზღვარზე მყოფ ადამიანებს გადასახადისგან გაათავისუფლებს, თუმცა ეს ადმინისტრირების პრობლემას არ გადაჭრის.
დავით სონღულაშვილის განცხადებით, საკითხი ერთიან კონტექსტში იქნება განხილული და წარმოდგენილი და ამიტომ პარლამენტის მიერ ცალკეული ინიციატივების მიღება მიზანშეწონილი არ არის.