LIVE
ვიდეო
21 სექ, 2023 13:40
ფადი ასლი სებ-ზე: ქვეყანაში ერთი დამოუკიდებელი ორგანოც კი აღარ დარჩა
482

საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თავმჯდომარის, ფადი ასლის შეფასებით, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი ინსტიტუტები აღარ დარჩა.

ფადი ასლი აღნიშნავს, რომ არსებულ ვითარებაზე ქართულ ბიზნესსექტორთან ერთად, უცხოელი ინვესტორებიც ნერვიულობენ. 

„საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარე მოვლენებმა ნათლად გამოაჩინა, რომ ქვეყანაში აღარ დარჩა ერთი დამოუკიდებელი ორგანოც კი. დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ არსებულ სიტუაციაზე ქართულ ბიზნესსექტორთან ერთად, უცხოელი ინვესტორებიც ნერვიულობენ. მიზეზი ისაა, რომ არავინ იცის თუ რა შედეგის მომტანი იქნება ეს ყოველივე. საინტერესო სიტუაციაა თავად ბანკებისთვისაც. ერთი მხრივ მათ განაცხადეს, რომ არ ემორჩილებიან ეროვნულ ბანკს, თუმცა მეორეა, რომ კანონი მათ ამას ავალდებულებს. ბანკებმა კარგად იციან, რომ ეროვნული ბანკის რეგულაციის გათვალისწინებას შესაძლოა მათი ავტომატური დასანქცირება მოჰყვეს. ერთ-ერთი ცუდი სცენარის მიხედვით, არ არის გამორიცხული, რომ Visa და Masterсard-ი საქართველოში აღარ იყოს, რაც მოახდენს მთელი სისტემის პარალიზებას. ყველაფერი გახდება უკონტროლო“, - აღნიშნა „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თავმჯდომარემ, ფადი ასლიმ.

19 სექტემბერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. ცვლილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. 

სებ-მა სანქციების შესრულების წესში ცვლილება მას შემდეგ შეიტანა, რაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესა.

ამ საკითხს გუშინვე გამოეხმაურნენ კომერციული ბანკები, რომლებიც აცხადებენ, რომ საერთაშორისო სანქციების დაცვას გააგრძელებენ.

ნათია თურნავას მიერ სანქციების შესრულების წესის ერთპიროვნულად შეცვლის შემდეგ, ეროვნული ბანკისა და შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება, სებ-ის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამნიკოლოზ გაგუამ და არჩილ მესტვირიშვილმა მიიღო.   

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ