LIVE
ვიდეო
05 ივნ, 2023 16:10
უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდები - რა ინიციატივაზე მუშაობს სებ-ი
712

საქართველოში შესაძლოა ახალი ტიპის საინვესტიციო ფონდები, უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტები გამოჩნდნენ. 

სწორედ ესაა ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც ეროვნული ბანკი კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში მუშაობს და შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებასაც გეგმავს.

მსგავსი ტიპის საინვესტიციო ფონდები როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის თანხების დაბანდების, ხოლო თავად უძრავი ქონების ბაზრისთვის დაფინანსების მოზიდვის ალტერნატივას წარმოადგენს. კერძოდ, უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტი ანუ ე.წ. რეითი ესაა არაერთ ქვეყანაში უკვე კარგად დამკვიდრებული ფონდების პრაქტიკა, რომელიც ინვესტორებისგან უძრავი ქონების ასაშენებლად თანხებს და ფინანსებს იზიდავს. შემდეგ კი საცხოვრებელი ბინებისა და სხვადასხვა ტიპის კომერციული ფართების მართვისგან მიღებულ შემოსავალს ინვესტორ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ანაწილებს.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ჯერჯერობით ეს ინიციატივა განვითარების ადრეულ ეტაპზეა და უახლოეს ხანებში უძრავი ქონების ბაზრის წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა დეტალებზე მსჯელობა დაიწყება. მაგალითად, რა ტიპის საგადასახადო შეღავათები უნდა გავრცელდეს ამ ტიპის ფონდებზე, ასევე როგორ უნდა იყვნენ ინვესტორები მსგავსს ფონდებში თანხების ინვესტირებისას დაცულები.

„უძრავი ქონება ბევრი ქართველისთვის დანაზოგის მიმართვის ერთ-ერთი მიმართულებაა. თუმცა ერთი კონკრეტული უძრავი ქონების ყიდვა და მისი ფლობა შესაძლოა გარკვეულ გამოწვევებთან იყოს დაკავშირებული. უფრო მეტ მოქნილობას დანაზოგის მფლობელებს უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდები სთავაზობენ. ეს ინსტრუმენტი უძრავი ქონების კოლექტიურ მფლობელობას ნიშნავს. ვფიქრობთ, რომ ამ ტიპის ფონდებმა შესაძლოა დაინტერესება გამოიწვიოს ქართველ  ინვესტორებში, მათ შორის ფიზიკურ პირებში. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ამ მიმართულებით აქტიურად დავიწყოთ მსჯელობა ბაზრის წარმომადგენლებთან ერთად და შევიმუშაოთ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა“, - განაცხადა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ გაგუამ.

ცნობისთვის, მთავრობამ კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის ახალი სტრატეგია შეიმუშავა. სტრატეგიული დოკუმენტი ქვეყანაში ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმების განვითარებისთვის გასატარებელ ღონისძიებებს მოიცავს. მათ შორის, მთავრობა აპირებს, რომ საფონდო ბირჟაზე სახელმწიფო საწარმოების ფასიანი ქაღალდები განათავსოს. კერძოდ, სახელმწიფო კომპანიებში კორპორატიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ იგეგმება, რომ საინვესტიციო ფონდის პორტფელში რამდენიმე საწარმოს აქციები გაერთიანდეს და ამ სახით განთავსდეს საფონდო ბირჟაზე.

სტრატეგიაში კონკრეტული სამიზნე მაჩვენებლებიცაა გაწერილი. მაგალითად, მთავრობის გათვლებით, 2025 წლისთვის ლარში დენომინირებული კორპორაციული ობლიგაციების ჯამური ნაშთი მშპ-თან მიმართებით 5%-მდე უნდა გაიზარდოს, ხოლო 2028 წლისთვის 10.5%-მდე. ასევე 2028 წლისთვის საფონდო ბირჟაზე ხუთი სახელმწიფო კომპანიის ფასიანი ქაღალდები უნდა იყოს დალისტული.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ