2028 წლისთვის საქართველოს კაპიტალის ბაზარი რეგიონში მოწინავედ გადაიქცევა და ეს მიმართულება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი საყრდენი გახდება, - ამის შესახებ მთავრობის მიერ მომზადებულ კაპიტალის ბაზრის განვითარების 2023-2028 წლების სტრატეგიაშია აღნიშნული.
ახალი სტრატეგიული დოკუმენტი ქვეყანაში ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმების განვითარებისთვის გასატარებელ ღონისძიებებს მოიცავს. მათ შორის, მთავრობა აპირებს, რომ საფონდო ბირჟაზე სახელმწიფო საწარმოების ფასიანი ქაღალდები განათავსოს. კერძოდ, სახელმწიფო კომპანიებში კორპორატიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ იგეგმება, რომ საინვესტიციო ფონდის პორტფელში რამდენიმე საწარმოს აქციები გაერთიანდეს და ამ სახით განთავსდეს საფონდო ბირჟაზე.
სტრატეგიაში მთავრობა ასევე საუბრობს კაპიტალის ბაზრის განვითარების შემაფერხებელ ძირითად ფაქტორებზეც და ამ მიმართულებით ასახელებს როგორც ბაზრის სიმცირეს, ასევე ემიტენტი კომპანიების და ინვესტორების ნაკლებობას. შესაბამისად, მთავრობა გეგმავს, რომ კომპანიებისთვის ობლიგაციების გამოშვების პროცედურები გაამარტივოს და ასევე ხელი შეუწყოს ქვეყანაში ისეთი ინსტიტუციური ინვესტორების გაჩენას, როგორიცაა მაგალითად, ვენჩერული და კერძო კაპიტალის ფონდები.
კაპიტალის ბაზრის მონაწილეების განცხადებით, მათთვის ახალი სტრატეგიის ძირითადი პრინციპები მისაღებია, თუმცა მათი თქმით, იმისთვის, რომ უახლოეს წლებში სწრაფი ტემპებით განვითარდეს ეს ბაზარი, უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
„ვფიქრობთ, მთავრობამ კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის კიდევ უფრო ამბიციური მიზნები უნდა დაისახოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე მეტი მოთამაშეები გაჩნდნენ, მათ შორის დამოუკიდებელი მონაწილეები, აქტივების მმართველი კომპანიები და საინვესტიციო ფონდები. ასევე აუცილებელია ბიზნესში კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებთან დაკავშირებით ინფორმირებულობისა და ნდობის ზრდაც. ასევე მივესალმებით კაპიტალის ბაზარზე სახელმწიფო კომპანიების ჩართულობასაც“, - განაცხადა „ბიზნეს ფორმულასთან“ „ალფა კაპიტალ ედვაიზორის“ მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ელაშვილმა.
სტრატეგიაში კონკრეტული სამიზნე მაჩვენებლებიცაა გაწერილი. მაგალითად, მთავრობის გათვლებით, 2025 წლისთვის ლარში დენომინირებული კორპორაციული ობლიგაციების ჯამური ნაშთი მშპ-სთან მიმართებით 5%-მდე უნდა გაიზარდოს, ხოლო 2028 წლისთვის 10.5%-მდე. ასევე 2028 წლისთვის საფონდო ბირჟაზე ხუთი სახელმწიფო კომპანიის ფასიანი ქაღალდები უნდა იყოს დალისტული.