LIVE
ვიდეო
04 ივნ, 2023 16:50
როდის დასრულდება გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე?
1947

გზების დეპარტამენტის მიერ "ბიზნეს ფორმულასთვის" მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 7 თვეში ახალი ავტობანი სრულად უნდა გაიხსნას.

თუმცა გართულებული საინჟინრო-გეოლოგიური სამუშოების გამო, დაზუსტებით არავინ იცის, როდის გაიხსნება ან რამდენად უსაფრთხო იქნება "საუკუნის პროექტი".

ყველაზე პრობლემური ჩუმათელეთი-ხევის 11-ნახევარ კილომეტრიანი მონაკვეთით, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს თითქმის 330 მილიონ ლარს, საიდანაც ამ ეტაპზე 47 მილიონი ლარია ანაზღაურებული და ხელშეკრულების მხოლოდ ნახევარია შესრულებული. შესაბამისად, გამოდის რომ პროექტის ნახევრის დასასრულებლად ჩინურ კომპანიას სულ რამდენიმე თვე დარჩა. ამ მონაკვეთს აფინანსებს მსოფლიო ბანკი მთლიანი თანხის 8.3%-ით, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკი 75%-ით და ბიუჯეტიდან 16.7% ხმარდება. 

მეორე მონაკვეთი ხევი-უბისას 12 კილომეტრიანი ნაწილია, რომლის სამუშაოების 92% შესრულებულია. სახელშეკრულებო ღირებულება 730 მილიონ ლარს აჭარბებს, დონორი აზიის განვითარების ბანკია 76%-ით, ხოლო დარჩენილი 24% სახელმწიფო ბიუჯეტით ფინანსდება.

მესამე მონაკვეთი უბისა-შორაპანის 13კილომეტრიანი გზაა  - პროექტის ღირებულება 901 მილიონ ლარს აჭარბებს და სამუშაოების თითქმის 97% უკვე შესრულებულია. ამ მონაკვეთს ევროპის საინვესტიციო ბანკი 85%-ით აფინანსებს დანარჩენ 15%-ს სახელმწიფო ბიუჯეტი.

მეოთხე მონაკვეთი კი, შორაპანი არგვეთას 15 კილომეტრიანი გზაა, რომლის ღირებულება 582 მილიონს აჭარბებს და ამ მომენტისთვის პროექტის მხოლოდ ნახევარია შესრულებული. პროექტის 85%-ს აზიის განვითარების ბანკი, 15%-ს კი ბიუჯეტი აფინანსებს. 

"ბიზნეს ფორმულას" ჰქონდა კითხვები საკმაოდ რთულ გეოლოგიურ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ახლა ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზეა, რამაც ფერდებისა თუ სვეტების ჩამოშლა გამოიწვია. გზების დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ავტომაგისტრალის 149-ე კილომეტრზე განვითარებული მეწყრული პროცესების გათვალისწინებით, შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილების მოსამზადებლად მიმდინარეობს ყველა საჭირო კვლევითი სამუშაოები, თუმცა უწყება არ აკონკრეტებს, რა ეტაპზეა ან როდის დასრულდება სამუშაოები.

ამის პარალელურად, "ბიზნეს ფორმულა" დაუკავშირდა საერთაშორისო დამფინანსებლებს, როგორც აზიის განვითარების, ისე ევროპის საინვესტიციო ბანკებს. ევროპის საინვესტიციო ბანკმა პასუხად განმარტა, რომ პროექტის შეფასება ადრეა, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეა, თუმცა მათ აღნიშნეს, რომ "ბანკის ჩართულობა შემოიფარგლება იმის შემოწმებით, დაკმაყოფილებულია თუ არა მის დაფინანსებასთან დაკავშირებული პირობები, პროექტის მიმდინარეობა, სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა, კონტრაქტორებთან ურთიერთობა კი სრულად სახელმწიფოს პრეროგატივაა."

ცნობისთვის, რიკოთის უღელტეხილზე მოდერნიზებული ავტობანის ასაშენებლად, სადაც 96 ხიდი და 53 გვირაბი შენდება, ჯამურად 5 მილიარდი ლარის ოდენობის ინვესტიციაა ჩადებული.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ