LIVE
ვიდეო
08 მაი, 2023 17:48
მთავრობამ პარაპლანით ფრენებისა და უსაფრთხოების წესი დაამტკიცა
707

მთავრობამ პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესი დაამტკიცა.

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ადამიანს, რომელიც პარაპლანს მართავს, შესაბამისი სერტიფიკატი უნდა ჰქონდეს.

მინისტრის თქმით, პარაგლაიდინგის ფედერაცია პარაპლანით ფრენის საგამოცდო პროცედურებს დანერგავს და ფრენის მონიტორინგის დეტალებს შეიმუშავებს, რისთვისაც ფედერაციას 1-თვიანი ვადა ეძლევა. წულუკიანი იმედოვნებს, რომ მალე მთავრობის მიერ დამტკიცებული პროექტი, კანონის სახეს მიიღებს.

„დღეს დამტკიცებული წესის თანახმად, ფედერაცია ხდება გამოცდების ჩატარებაზე პასუხისმგებელი. წესის მიღების შემდეგ, ვერც ერთი ინდმეწარმე, იურიდიული პირი, ვერ განახორციელებს ფრენას, თუ თვითონ პილოტი პროფესიონალი არ არის და გამოცდა ჩაბარებული არ აქვს.

ამ წესის თანახმად, თავად აპარატურა უნდა იყოს გამართული. თითქოს ელემენტარული საკითხებია, მაგრამ აქამდე ეს გაწერილი არ იყო და ვალდებულება არ არსებობდა.

ასევე შემოდის მონიტორინგი, რომელიც ფედერაციას ევალება, ხოლო მასზე სახელმწიფო ზედამხედველობას საჰაერო ნავიგაციის სააგენტო განახორციელებს. შსს-ს ექნება ფუნქცია, როცა ფედერაცია ფრენისთვის ვარგის არეალებს განსაზღვრავს, სამინისტრომ აღკვეთოს მოცემული არეალების მიღმა ნებისმიერი ფრენა, რომელიც უკანონო იქნება. ასევე, წესების აღსრულების საკითხში ფედერაციას დახმარებას აღმოუჩენს შსს.

წესები ერთი მიზნის უზრუნველსაყოფადაა შემუშავებული, რომ აღარ მივიღოთ ქვეყანაში ისეთი ტრაგედიები, რომელიც სიცოცხლის დაკარგვას უკავშირდება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მინისტრის განმარტებით, უცხოელ მფრინავს, რომელსაც სერტიფიკატი ექნება, საქართველოში პრობლემა არ შეექმნება და შესაბამის ნებართვას მარტივად მიიღებს.

„მან, ვინც ფრენას მართავს, საქმე უნდა იცოდეს, ანუ გამოცდა ჰქონდეს ჩაბარებული. კატეგორიებად დაიყო საფრენი აპარატები. თუ ეს არის 2-ადგილიანი პარაპლანი, რა თქმა უნდა, ფრენის ცოდნა მოეთხოვება იმას, ვინც არის მფრინავი და მგზავრი ჰყავს. ორმაგად აგებს პასუხს.

თუ მფრინავი არის უცხოეთიდან ჩამოსული და მას საკუთარი თავისთვის უნდა საქართველოს მთა და ბარი გამოსცადოს, ამისთვის ჩამოვიდა და აქვს იქაური სერტიფიკატი, ამით შეძლებს ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედი ფედერაციის მხრიდან ნებართვის მარტივად მიღებას. ამ მხრივ უცხოელ მფრინავებს პრობლემა არ შეექმნებათ.

ვინც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე აქამდე ფრინავდა ყველანაირი ცოდნის, გამოცდილებისა და სერტიფიკატის გარეშე, რომელი ქვეყნის მოქალაქეც არ უნდა იყოს, მას მოუწევს გამოცდის ჩაბარება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ