LIVE
ვიდეო
10 აპრ, 2023 10:35
როგორ უნდა დარეგულირდეს Stablecoin-ები საქართველოში?
698

PMCG-ის კვლევის თანახმად, საქართველოში Stablecoin-ების რეგულაციები მნიშვნელოვნად ჩამორჩება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის შემუშავებულ კანონპროექტს, მეტიც, კვლევაში აღნიშნულია, რომ 2022 წელს მიღებული კანონმდებლობა არ არის ამომწურავი და დიდწილად რეგულირების მექანიზმებს არ მოიცავს.

Stablecoin-ების მხარდამჭერებს სურთ, რომ ქვეყანაში კრიპტოვალუტების ეს ქვეჯგუფი მდგრად და სტაბილურ აქტივად მიიჩნიონ საგადახდო სისტემის გამარტივებისთვის და იმისათვის, რომ ბანკების პარალელურად გაჩნდეს შანსი შუამავლების გარეშე ტრანზაქციების განხორციელების, რაც საკომისიოების შემცირებას, ან მის გარეშე გადახდებსაც მოიაზრებს.

"არ არსებობს ქვეყანაში Stablecoin-ების ცხადი რეგულაცია, არის განმარტებები ვირტუალური აქტივების, რომელიც სადავოა, რამდენად მოიცავს Stablecoin-ს ამიტომ მთავარია, ჩამოყალიბდეს რეგულირების მექანიზმი. ამის ორი გზა არსებობს, ერთი - არსებული კანონის საგადახდო სისტემების შესახებ მოვარგოთ Stablecoin-ს რომ ელექტრონულ ფულად ვაღიაროთ, ან მეორე ამერიკული მიდგომით გავაკეთოთ, რომლითაც იქნება ცალკე ლიცენზირებული და ავტორიზებული სუბიექტი, რის გარშემოც ცალკე აყალიბებს საკანონმდებლო ჩარჩოს," - აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას PMC კვლევითი ცენტრის აფილირებული მკვლევარი, ივანე ნაჭყებია. 

მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკი, Stablecoin-ების რეგულაციების მიღებაში გარკვეულ საფრთხეებს ხედავს, როგორიცაა მაგალითად, ფულის გათეთრება, ტერორიზმის დაფინანსება და სრულიად უკონტროლო საგადახდო სისტემის შექმნა. თანაც, მათი განმარტებით, ჯერ-ჯერობით არც ევროკავშირსა და აშშ-ს მტკიცე და ჩამოყალიბებული საკანონმდებლო ჩარჩო ამ მიმართულებით არ აქვთ და Stablecoin-ების შესახებ რეგულაციები, მხოლოდ კუნძულოვან ქვეყნებს აქვთ მიღებული, მათ შორის ბაჰამას. ეს კი, სების პოზიციით, კითხვებს ბადებს.

Coin Metrics-ის მიხედვით, 2022 წელს რეკორდული - $7 ტრილიონის ღირებულების ანგარიშსწორება განხორციელდა Stablecoin-ების საშუალებით. როგორც ქართველი თრეიდერების ნაწილი აღნიშნავს, ზუსტი სტატისტიკა იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად გამოყენებადია stablecoin-ები არ არსებობს, თუმცა მათი თქმით, ბევრი იყენებს აქტიურად. ვინაიდან, ეს ფულის მიმოცვლის იდეალური საშუალებაა. მეტიც, საქართველოში რუსეთის მოქალაქეებიც საკმაოდ აქტიურად იყენებენ დღემდე stablecoin-ს, მაგალითისთვის, აქვთ Binance-ის ანგარიშები და ტრანზაქციებს პირდაპირ თავიანთ საბანკო ანგარიშებზე ახორციელებენ, რომლებიც უკვე ქართულ ბანკებში აქვთ გახსნილი.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ