LIVE
ვიდეო
05 აპრ, 2023 15:20
დიაბეტის პროგრამით მოსარგებლეები მედიკამენტების ნაკლებობას უჩივიან
344

მოსახლეობის ნაწილი ამტკიცებს, რომ დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების მარაგი ქვეყანაში არ არის და ამის გამო, წამლის ასაღებად 2 კვირაში ერთხელ მისვლა უწევთ. აქამდე პროგრამით მოსარგებლე პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ 3 თვეში ერთხელ მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტების მარაგი სამინისტროს მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 9 წინასწარ განსაზღვრული ლოკაციიდან გაეტანათ.

"ბიზნეს ფორმულამ" ამ საკითხზე შეკითხვა ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს დაუსვა, თუმცა მინისტრის თქმით, ქვეყანაში მედიკამენტების საჭირო მარაგები არსებობს და დეფიციტის საშიშროება არ დგას. 

"არანაირი პრობლემა, ამ მხრივ, არ არსებობს, ერთადერთი ის არის, რომ ერთი მისვლით სამი თვის მარაგის გაცემა ხდებოდა გასულ წელს და ეს იყო მხოლოდ ერთ ლოკაციაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენ ეს გავაუმჯობესეთ და დღეისათვის 9 სხვადასხვა ლოკაციაზე არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც ხდება ინსულინის გაცემა,"- აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი. 

მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მოსახლეობას მედიკამენტებს საჭირო დოზით არ ატანენ, მარაგების არარსებობაა. 

"მედიკამენტების მარაგი არ არის შესაბამისი, სამინისტრო ტენდერებს აცხადებს გვიან, იმის ნაცვლად, რომ ტენდერი ოქტომბერ-ნოემბერში გამოეცხადებინათ, ეს არ გააკეთეს და იგვიანებს პრეპარატები. ადამიანებს ინსულინზე მისვლა უწევთ ორ კვირაში ერთხელ, ეს მართვის არცოდნაა. პანიკაა ხალხში, სოფლებიდან და სხვადასხვა წერტილიდან უწევთ ჩასვლა ახლა ორ კვირაში ერთხელ, ნაცვლად, 3 თვის მარაგების აღებისა. თუ აქვთ გასცენ, ამის გათვლაც არ შეუძლიათ," - აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტი, ვატო სურგულაძე. 

გარდა ამისა, სექტორში აცხადებენ, რომ მხოლოდ დიაბეტის სამკურნალო საშუალებები არ იქნება პრობლემატური და შესაძლოა, სამომავლოდ აფთიაქებიდან ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტებიც გაქრეს. ეს კი იმის გამო, რომ თუ კი მედიკამენტი არ ჩაჯდება რეფერენტული ფასწარმოქმნის გარკვეულ კატეგორიაში, მაშინ სრულიად შესაძლებელია ესა თუ ის მედიკამენტი ქართული ბაზრიდან გაქრეს. ეს კი იმ ფონზე, რომ წლის ბოლომდე აზარაშვილის უწყება აპირებს, რეფერენტული ფასწარმოქმნის სიას კიდევ 2-2 ათასი მედიკამენტი დაამატოს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ