LIVE
ვიდეო
10 მარ, 2023 16:30
ლალაზაშვილი: ვთხოვოთ ევროკავშირს, დაჩქარებული წესით მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი
552

BDO-ს მმართველი პარტნიორის ზურა ლალაზაშვილის განცხადებით, საქართველოს არ აქვს გარანტია, რომ მომავალში რუსულის მსგავსი კანონების მიღება არ მოხდება. ლალაზაშვილის განმარტებით, რისკებისგან თავის დასაცავად ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი სჭირდება, რომლის მიღების კარგი შანსი სწორედ ახლაა. 

„საზოგადოებას გვჭირდება მყარი გარანტიები იმისა, რომ ნამდვილად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. ვფიქრობ, უნდა მოვუწოდოთ, ვთხოვოთ ევროკავშირს, იქნებ საქართველოს დაჩქარებული წესით მოგვანიჭოს ეს სტატუსი, რადგან არ გვაქვს გარანტია, რომ მომავალში მსგავსი კანონი, ან სხვა ნაბიჯები კვლავ არ იქნება, რაც ხელს შეუშლის ჩვენს ევროპულ პერსპექტივას.

ამ კანონის მოლოდინი არავის ჰქონდა. არსაიდან, მოწმენდილ ცაზე მოვიდა. არ იყო მსჯელობა, წინაპირობა და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით მაინც მიიღეს. აქედან გამომდინარე, არ მაქვს გარანტია, რომ მსგავსი ნაბიჯი არ გადაიდგმება. ჩვენ შესაძლოა მივმართოთ ევროკავშირს, მაგალითად საზოგადოების სახელით, დაჩქარებული წესით მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი, რომ ასეთი ტიპის რყევები და გაურკვევლობები აღარ იყოს. ვინაიდან ეს დამაზიანებელია ქვეყნისთვის, ბიზნესისთვის და ზოგადად გაურკვევლობაში გვტოვებს საზოგადოების დიდ ნაწილს, თუ საითკენ მიდის ქვეყანა და რა ამბიციები აქვს“, - განაცხადა ზურა ლალაზაშვილმა „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში საუბრისას.

BDO-ს მმართველი პარტნიორის განმარტებით, საქართველოს არ სჭირდება ისეთი კანონების მიღება და ნაბიჯების გადადგმა, რაც ქვეყანას ევროკავშირს დააშორებს.   

საპარლამენტო უმრავლესობამ 7 მარტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონის გასაპროტესტებლად თბილისში 7, 8 და 9 მარტს მასშტაბური, მშვიდობიანი აქციები გაიმართა. სამართალდამცავებმა 7 და 8 მარტის აქციები წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს, 133 ადამიანი კი დააკავეს.

მასშტაბურმა გამოსვლებმა და პროტესტმა შედეგი გამოიღო და დღეს „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. დეპუტატებმა კანონპროექტი არც კი განიხილეს, პირდაპირ კენჭისყრაზე დააყენეს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ