LIVE
ვიდეო
17 თებ, 2023 17:30
2024 წლიდან საჯარო სკოლებში შესაძლოა "უფასო კვების" პროგრამა ამოქმედდეს
971

2024 წლიდან სკოლებში შესაძლოა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ე.წ. უფასო კვების პროგრამა ამოქმედდეს.

UNICEF-ის ჩართულობით განიხილება მოდელი, რომელიც დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება და დაფარავს მცირე კონტინგენტიან სკოლებსაც, სადაც 50-მდე მოსწავლე სწავლობს. თითოეული მოსწავლისთვის კი, 2.5-ლარიდან 4.5-ლარამდე ღირებულების ლანჩბოქსის მიწოდება იგეგმება. 

განათლების ექსპერტები თუ მთავრობის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ ბავშვთა სიღარიბის მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებლის გამო, რეფორმა ასამოქმედებელია. თუმცა ჩნდება კითხვა, რამდენად გამართულად იმუშავებს სკოლებში "უფასო კვება", მაშინ, როდესაც ერთი მხრივ, სერიოზულ ლოგისტიკურ გამოწვევებს უკავშირდება, ხოლო მეორე მხრივ უმეტეს სკოლაში არც ინფრასტრუქტურა და არც სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაცული არ არის. სკოლების დაახლოებით 80%-ს, განსაკუთრებით რეგიონებში, არ აქვთ სასმელი და ხელსაბანი წყალი, საპირფარეშო, სამზარეულო.

"მთავარი გამოწვევა ისაა, როგორ მოხდება მაღალმთიან სოფლებში და არა მარტო, მალფუჭებადი საკვების მიწოდების უზრუნველყოფა? იქ სადაც ძნელად მისადგომი ადგილია და კვების ინფრასტრუქტურა არ არის გამართული,"- აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდის ნუტრიციისა და ჯანდაცვის სპეციალისტი, თამარ უგულავა "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას.

UNICEF-ში ამბობენ, რომ სანიტარულ-ჰიგიენური და ინფრასტრუქტურული პრობლემები საკმაოდ მწვავეა და გრძელვადიან პერსპექტივაში მისი მოწესრიგებაც იგეგმება, თუმცა ახლა მათი შეფასებით, კვება კრიტიკულია.

საქართველოში სკოლებში დაახლოებით 550 000 მოსწავლე ირიცხება, ხოლო ამის ნახევარი დაწყებითი კლასის მოსწავლეები არიან, შესაბამისად რეფორმა 280 000-მდე ბავშვის კვებას მოიცავს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ხოლო, თუ კი მთავრობა წლიურად თითო მოსწავლეზე $40-დან $50-მდე გამოყოფს, ეს სახელმწიფოს დაახლოებით 70-80 მლნ ლარი დაუჯდება, რაც ქვეყნის ბიუჯეტის 0.4%-ია. 

"მაშინ როდესაც განათლების სისტემაში თანხები საკმაოდ არამიზნობრივად იხარჯება და პირობითად, დაახლოებით 10 მილიონი ლარი გამოცდების ცენტრის კვლევების ორგანიზებას ხმარდება, თავისუფლად არის შესაძლებელი პრიორიტეტების დალაგება თანხების გამოთავისუფლება, რათა ამ რეფორმისთვის თავისუფლად მივმართოთ თანხები და არ იყოს ბიუჯეტისთვის ზედმეტი ტვირთი," - აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას განათლების ექსპერტი, სიმონ ჯანაშია. 

UNICEF-ის კვლევით, ყოველი მეოთხე მოსწავლე შიმშილობს. სკოლის მიტოვების მაჩვენებელი კი, ბოლო წლებში 12.5%-დან 35%-მდეა გაზრდილი.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ