LIVE
ვიდეო
29 ოქტ, 2022 12:30
კერძო საპენსიო ფონდებზე საგადასახადო შეღავათები გავრცელდება - კანონპროექტის დეტალები
1023

პარლამენტში „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ კანონპროექტი შევიდა განსახილველად, რომლის მიზანსაც ქვეყანაში ნებაყოფლობითი საპენსიო სქემების, საპენსიო რეფორმის ე.წ მესამე სვეტის განვითარება წარმოადგენს.

პროექტის მიხედვით, ჩნდება შესაძლებლობა ინდივიდუალური და ჯგუფური საპენსიო კერძო სქემები შეიქმნას. ჯგუფური საპენსიო ფონდების შექმნის უფლება ექნება როგორც კერძო კომპანიას, ასევე დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებებს ან პროფესიულ ორგანიზაციებს. რაც შეეხება ინდივიდუალურ საპენსიო ფონდებს, მათი შექმნის უფლება აქტივების მმართველ და სადაზღვევო კომპანიებს ექნებათ. ორივე ტიპის საპენსიო ფონდის შექმნისთვის რეგისტრაცია და შესაბამისი ლიცენზიის მიღება იქნება საჭირო. მარეგულირებელი ორგანო კი დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური იქნება.

მსგავსი ნებაყოფლობითი სქემების წასახალისებლად კანონპროექტი რიგ საგადასახადო შეღავათებსაც ითვალისწინებს. მათ შორის, საპენსიო აქტივების ინვესტირებით მიღებული მოგება არ დაიბეგრება, ასევე არ დაიბეგრება საპენსიო შენატანები, თუმცა წლიურად მხოლოდ 6 ათასი ლარის ფარგლებში.

სწორედ საგადასახადო შეღავათების არარსებობა სახელდება მთავარ მიზეზად, რის გამოც დღეს ქვეყანაში მოქმედი კერძო საპენსიო სქემები ნაკლებად პოპულარულია. ამ დროისთვის საქართველოში სულ სამი კერძო საპენსიო სქემა  არსებობს - სადაზღვევო კომპანიების, „ალდაგის“ და „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ფონდები და სახელმწიფო კომპანია „საქაერონავიგაციის“ ფონდი. თუმცა ამ ეტაპზე მსგავს ფონდებში მხოლოდ 15 763 ადამიანია გაწევრიანებული, ხოლო მიმდინარე წლის 6 თვეში განხორციელებულმა საპენსიო შენატანებმა 2.7 მლნ ლარი შეადგინა.

ამასთან, კერძო საპენსიო ფონდებში გაწევრიანების შემთხვევაში, მოქალაქეებისთვის დაგროვებით სახელმწიფო საპენსიო სქემაში მონაწილეობა კვლავ სავალდებულო იქნება.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ