LIVE
ვიდეო
12 ოქტ, 2022 10:00
რატომ უმცირდებათ მოქალაქეებს საპენსიო დანაზოგი - განმარტება
535

საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების მოცულობის შემცირება დროებითი მოვლენაა და ის ძირითადად ორი მიზეზითაა გამოწვეული - გლობალურ ბაზრებზე აქციების ფასის ვარდნით და ლარის გამყარებით.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა განაცხადა, წლიურად საპენსიო ფონდის მოცულობა მაინც გაზრდილია და მოსალოდნელია, რომ უკვე მომდევნო თვეებში ფონდის ამონაგები ინფლაციის ტემპსაც გაუსწრებს.

„წლევანდელი წელი ერთ-ერთი ყველაზე ცუდია გლობალური ბაზრებისთვის, ფიქსირდება აქციების ფასების ვარდნა. როგორც ცნობილია, ჩვენი დანაზოგების დაახლოებით 18% დოლარშია ინვესტირებული. აქციების ფასების შემცირებასთან ერთად ბოლო პერიოდში ლარი მყარდება, რაც ზოგადად ქვეყნისთვის კარგია, თუმცა ჩვენს მომგებიანობას აწვება. შესაბამისად, თუკი ბოლო კვირების განმავლობაში რაიმე შემცირება ფიქსირდება, ეს სწორედ გლობალურ ბაზრებზე განვითარებული მოვლენებითაა გამოწვეული. თუმცა თუკი წლის დასაწყისიდან შევხედავთ, ვნახავთ, რომ ჩვენი ფონდი ჯამურად 5%-ითაა გაზრდილი, მაშინ როდესაც გლობალურ თუ რეგიონულ საპენსიო ფონდებში 16-17%-იანი შემცირება ფიქსირდება. ინფლაცია ნამდვილად რჩება ჩვენს უმთავრეს გამოწვევად და სწორედ ჩვენი საინვესტიციო ტაქტიკით ვცდილობთ, რაც შეიძლება გავზარდოთ რეალური ამონაგები. ამისთვის აუცილებელია, გვქონდეს დივერსიფიცირებული პორტფელი. როდესაც ინფლაცია წლის ბოლოდან და მომავალი წლის დასაწყისიდან შემცირებას დაიწყებს და გლობალური ბაზრებიც დასტაბილურდება, ეს ჩვენს დანაზოგებზე უკვე კარგ რეალურ ამონაგებს მოგვცემს“, - განაცხადა გოგა მელიქიძემ.

ამასთან, როგორც საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, უახლოეს ხანებში სააგენტოს საინვესტიციო მანდატი გაფართოვდება და როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზრებზე დანაზოგების ინვესტირების მეტი შესაძლებლობა გაჩნდება. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი მთავრობის სხდომაზე გუშინ განიხილეს.

ცნობისთვის, 2022 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეების მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.67 მლრდ ლარია, წმინდა ამონაგები კი, 375 მლნ ლარს შეადგენს. 2019 წლიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, ფონდის წმინდა ამონაგები 37.4% იყო, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) 0.88% შეადგინა. თუმცა ქვეყანაში დაფიქსირებული ორნიშნა ინფლაციიდან გამომდინარე, ბოლო 12 თვეში ფონდის რეალური ამონაგები კვლავ მინუსშია და ბოლო ერთ წელში ამ მაჩვენებელმა -3.63% შეადგინა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ