LIVE
ვიდეო
10 ოქტ, 2022 11:20
საშუალო ხელფასი 1 304 ლარია, მედიანური 900 ლარი - საქსტატი
1246

საქსტატმა დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასის გამოქვეყნება დაიწყო, რომელიც საშუალო ხელფასისგან განსხვავებით, უკეთ ასახავს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას.

2021 წლის მონაცემებით, მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასზე 31%-ით ნაკლები იყო და სხვაობამ მაჩვენებლებს შორის 405 ლარი შეადგინა.   

კერძოდ, გასულ წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი, 2020 წელთან შედარებით, 11.2%-ით, 900 ლარამდე გაიზარდა. საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი კი 9.5%-ით გაიზარდა და 1 304.5 ლარი შეადგინა.

საქსტატის თანახმად, მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასს ყველა სექტორში ჩამორჩება.

საქმიანობების სახეების მიხედვით, 2021 წელს, შედარებით მაღალი მედიანური ხელფასი შემდეგ დარგებში დაფიქსირდა:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 509 ლარი;
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 1 386 ლარი;
  • ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 1 298 ლარი;
  • მშენებლობა - 1 276 ლარი;
  • სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 1 273 ლარი.

საშუალო და მედიანური ხელფასების გაანგარიშების მეთოდოლოგია

საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საშუალო არითმეტიკულის მეთოდით ითვლება. კერძოდ, საანგარიშო პერიოდის (კვარტალი, წელი) განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების/ხელფასის ფონდი იყოფა დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო რიცხოვნობაზე და შესაბამისად 3-ზე (კვარტალური) ან 12-ზე (წლიური).

აღსანიშნავია, რომ შრომის ანაზღაურების/ხელფასის ფონდი ძირითადი ხელფასის გარდა მოიცავს შემდეგ მაჩვენებლებსაც: პრემია, დანამატი და სხვა წამახალისებელი სახის გასაცემები, საკომპენსაციო გასაცემები და სხვა, რომელიც დაერიცხა დასაქმებულ პერსონალს ან გაიცა ნატურის სახით და ღირებულება ჩართულია შრომის ანაზღაურებაში.

რაც შეეხება მედიანურ ხელფასს, მედიანა ზრდადობის მიხედვით დალაგებული მონაცემების შუაში მოქცეული რიცხვია. პირობითად, თუ მაღალი ანაზღაურების მქონე დასაქმებულის ხელფასი გაიზრდება, ეს საშუალო ხელფასზე მოახდენს გავლენას, თუმცა მედიანურ ხელფასზე ნაკლებად იმოქმედებს.

საშუალო თვიური ხელფასის გასაანგარიშებლად საქსტატი ახორციელებს საწარმოებისა და ორგანიზაციების გამოკვლევას, რომლის ფარგლებშიც ყოველკვარტალურად დაახლოებით 15 000 სუბიექტი, ხოლო წლიური პერიოდულობით დაახლოებით 18 000 სუბიექტი გამოიკითხება. გამოკვლევა ითვალისწინებს საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან აგრეგირებული მონაცემების შეგროვებას სახელფასო ფონდის და დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ. აღნიშნული მხოლოდ საშუალო თვიური ხელფასის გაანგარიშების საშუალებას იძლევა და არ არის საკმარისი მედიანური ხელფასის დასადგენად.

როგორც საქსტატში განმარტავენ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ არსებული გამოკვლევის ფარგლებში მედიანური ხელფასის გასაანგარიშებლად, საწარმოებისგან/ორგანიზაციებისგან საჭირო იქნებოდა ინდივიდუალური მონაცემების მოპოვება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდიდა რესპონდენტების ტვირთს. ამიტომ, მედიანური ხელფასის გაანგარიშება მთლიანად ეფუძნება ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ