LIVE
ვიდეო
05 ოქტ, 2022 15:36
BAG-ის ინდექსი: კომპანიების მესამედი ელის, რომ ფასები კიდევ გაიზრდება
618

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ინდექსის, ბიზნეს კლიმატის ფარგლებში გამოკითხული კომპანიების მესამედი ელის, რომ ფასები მომდევნო სამი თვის განმავლობაში კიდევ გაიზრდება.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულ კომპანიათა 29.5% მეოთხე კვარტალში გაყიდვების ფასების ზრდას ვარაუდობს. კერძოდ, მსგავსი მოლოდინი მშენებლობის სექტორში გამოკითხული კომპანიების 36%-ს აქვს. ვაჭრობის სექტორში ფასების ზრდას კომპანიების 34% ელის, ხოლო მომსახურების დარგში - 27%.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2022 წლის III კვარტალში გამოკითხული კომპანიების 30.4%-მა გასულ პერიოდში უკვე გაზარდა ფასები. სექტორებს შორის ფასების ზრდა პროცენტულად ყველაზე მეტმა კომპანიამ მშენებლობის სექტორში დააფიქსირა. კვლევაში ნათქვამია, რომ აღნიშნული შესაძლოა რუსეთ-უკრაინის ომის გამო სამშენებლო მასალების გაძვირებას და უძრავ ქონებაზე მოთხოვნის გაზრდას უკავშირდებოდეს.

ამასთან, ინდექსის მიხედვით, კომპანიები ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ხელის შემშლელ ფაქტორებად შემდეგ საკითხებს ასახელებენ - ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, სპეციალისტების და სამუშაო ძალის ნაკლებობა და შეზღუდული ფინანსური რესურსები.

ცნობისთვის, უკვე ერთ წელზე მეტია საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს. საქსტატის მონაცემებით, სექტემბერში წლიური ინფლაცია ისევ დაჩქარდა და ფასების ზრდის საერთო დონემ 11.5% შეადგინა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ