LIVE
ვიდეო
28 სექ, 2022 12:05
სესხების დოლარიზაცია ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება - სებ
195

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, დატოვა.

მარეგულირებლის თანახმად, სესხების დოლარიზაცია ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება.

"ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ფონზე 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, შინამეურნეობების საკრედიტო რისკი შემცირდა. პანდემიის დროს შინამეურნეობების გაუარესებული გადახდისუნარიანობა უმოქმედო სესხების წილის ზრდაში აისახა, თუმცა, ეკონომიკის გაჯანსაღებასთან ერთად, სესხების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მიუხედავად დადებითი ტენდენციისა, საყურადღებოა სამომხმარებლო სესხების მაღალი ზრდის ტემპი და ინფლაცია. ეს უკანასკნელი უარყოფითად აისახება შინამეურნეობების რეალურ შემოსავლებზე. აღნიშნული რისკის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადია დაბალშემოსავლიანი და ვალის მომსახურების მაღალი ტვირთის მქონე შინამეურნეობები. გლობალურად გაზრდილი ინფლაციის ფონზე ასევე საყურადღებოა უცხოური ვალუტის საპროცენტო განაკვეთების ზრდა, რაც შინამეურნეობების სესხის მომსახურების ტვირთზეც აისახება. კლებადი ტენდენციის მიუხედავად, სესხების დოლარიზაცია ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება. აღნიშნული რისკების საპასუხოდ და მსესხებელთა გადახდისუნარიანობის ზრდის ხელშესაწყობად ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულების ცალკეული მოთხოვნები განაახლა. კერძოდ, უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადა 10 წლამდე შემცირდა, სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1,500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე გავრცელდა, ცვლადგანაკვეთიანი სესხის გაცემისას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების დროს 3 პროცენტული პუნქტი საპროცენტო განაკვეთის შოკის გათვალისწინება გახდა საჭირო და სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა, დროებით, 4-დან 3 წლამდე შემცირდა.

უძრავი ქონების ბაზარზე ფასებისა და ქირის ზრდის ტენდენცია შეინიშნება, რაც ერთი მხრივ, გაზრდილი მოთხოვნით, ხოლო მეორე მხრივ, მშენებლობის მომატებული ხარჯებითაა განპირობებული. უძრავი ქონების ბაზარი პანდემიით გამოწვეულ კრიზისამდეც მდგრადი იყო, რამაც სექტორს კრიზისის დროულ დაძლევაში შეუწყო ხელი. აღნიშნულს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებებიც დაეხმარა. ყოველივე ამის ფონზე, უძრავი ქონების ფასების მნიშვნელოვანი კორექტირება წინა წლებში არ მომხდარა.  მიმდინარე წელს კი უძრავი ქონების როგორც ლარში, ასევე დოლარში გამოხატულ ფასებში ზრდის დინამიკა შეინიშნება. აღნიშნული ტენდენცია ფიქსირდება სხვა ქვეყნებშიც, განსაკუთრებით პანდემიის დაწყების შემდეგ, რაც გარკვეულწილად მუშაობის ონლაინ რეჟიმზე გადასვლითა და, შესაბამისად, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საჭიროებით იყო განპირობებული. გარდა ამისა, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ქვეყანაში გაზრდილი მიგრაციის შედეგად უძრავ ქონებაზე მოთხოვნამ მოიმატა. ასევე, მომატებულია სამშენებლო ხარჯები, რაც უძრავი ქონების ფასს დამატებით ზრდის. აღსანიშნავია კაპიტალიზაციის ინდექსის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც უძრავი ქონების, როგორც საინვესტიციო აქტივის, მიმზიდველობის საზომია. ეროვნულის ბანკის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, უძრავი ქონების ბაზარი მდგრადობას ინარჩუნებს, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონში გაურკვევლობას მნიშვნელოვნად ზრდის, რაც სექტორში რისკების დაგროვების წყარო შეიძლება გახდეს. უძრავი ქონების ბაზარზე დაგროვილი რისკების რეალიზაციას შეუძლია მნიშვნელოვნად იმოქმედოს ბანკების აქტივების ხარისხზე და, შესაბამისად, ფინანსური სტაბილურობის რისკების წყარო გახდეს. აქედან გამომდინარე, უძრავი ქონების ბაზრის მონიტორინგს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, დატოვა. 2022 წლის აგვისტოში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 15.3% შეადგინა. გასული ერთი წლის განმავლობაში, სესხების მშპ-თან ფარდობა შემცირდა, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდისა და გაცვლითი კურსის გამყარების ეფექტს ასახავს. შედეგად, 2022 წლის მეორე კვარტალში სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა მის გრძელვადიან ტრენდს ჩამორჩება, თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველოში სესხების მშპ-თან ფარდობის არსებული დონე, მსგავსი ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით, კვლავ მაღალია. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ფინანსურმა სექტორმა მაღალი ეკონომიკური ზრდის დროს სტრესულ პერიოდებში გამოსაყენებლად კაპიტალის ბუფერები დააგროვოს, როგორც ეს პანდემიის დასაწყისში მოხდა. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი განაგრძობს საკრედიტო აქტივობის, ბანკების ფინანსური მაჩვენებლებისა და ეკონომიკური ზრდის მონიტორინგს და არსებული  ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში კონტრციკლური კაპიტალის ბუფერის გაზრდას განიხილავს",- აღნიშნულია ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.  

ცნობისთვის, პირველი სექტემბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი 53.44% იყო.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ