LIVE
ვიდეო
27 სექ, 2022 16:30
Coinbase ქართველი ტრეიდერებისგან თანხების დაბრუნებას ითხოვს
812

Coinbase ქართველი ტრეიდერებისგან ტექნიკური ხარვეზის შედეგად მოპოვებული თანხების უკან დაბრუნებას ითხოვს.

როგორც „ბიზნეს ფორმულასთვის“ ცნობილი გახდა, კრიპტობირჟამ ქართველ მომხმარებლებს რამდენიმე დღის წინ წერილობით მიმართა და მათგან თანხების დაბრუნება მოითხოვა. ჯამურად საუბარია რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ბირჟა არც სამართლებრივი დავის დაწყებას გამორიცხავს.

Coinbase-ის მიერ ერთ-ერთი ქართველი მომხმარებლისთვის მიწერილ წერილში ნათქვამია, რომ აღნიშნულმა ტრეიდერმა 30 აგვისტოს განხორციელებული ტრანზაქციით, როდესაც ტექნიკური ხარვეზის გამო ერთი დოლარის ღირებულება ბირჟაზე 290 ლარი იყო, 14 ათასზე მეტი ლარის მიღება შეძლო. კრიპტობირჟა მომხმარებლებს მსგავსი გზით მოპოვებული თანხების დასაბრუნებლად ვადას 3 ოქტომბრამდე აძლევს. როგორც წერილშია ნათქვამი, ტრეიდერების მიერ ამ თანხების დაბრუნების შემდეგ მათ ანგარიშზე ის მოცულობა აისახება, რამდენადაც რეალურად იმ დროს კრიპტოვალუტები ივაჭრებოდა.

ქართველი მომხმარებლების ნაწილს სამართლებრივ საკითხებში დახმარებას „კრიპტო ბაზარი“ უწევს. როგორც „კრიპტო ბაზრის“ დამფუძნებელმა ავთანდილ კუჭავამ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, ოთხი ტრეიდერის სახელით, რომელთა მიერ კრიპტობირჟიდან გამოტანილი ჯამური თანხა 11 მილიონ ლარს აღწევს, ოფიციალურად უკვე მიმართეს Coinbase-ს. კუჭავას განცხადებით, ტრეიდერები აღნიშნული თანხების სრულად დაბრუნებას არ აპირებენ და საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივი დავისთვისაც მზად არიან.

„უკვე შეგვეხმიანა 270-მდე ტრეიდერი, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ 20-მდე საქმის აღების შესაძლებლობა გვაქვს. ყველამ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თანხის მოცულობიდან გამომდინარე, უღირს თუ არა მისი დაბრუნება, თუ მზადაა სამართლებრივი დავისთვის. ამ დროისთვის ოთხი ტრეიდერის სახელით, რომელთა მიერ გამოტანილი ჯამური თანხა 11 მილიონ ლარს აღწევს, უკვე მივმართეთ Coinbase-ს და მათ მოლაპარაკებები და გარკვეული კომპრომისი შევთავაზეთ. ჩვენი კლიენტები ამ თანხების სრულად დაბრუნებას არ განიხილავენ და თუკი მოლაპარაკებებზე არ წამოვლენ, სამართლებრივი დავისთვისაც მზად ვართ. თუკი ბირჟა ამ შემთხვევას განიხილავს როგორც ზიანს, ჩვენი არგუმენტია, რომ ამ ზიანის დადგომაში უფრო დიდი წვლილი თავად Coinbase-ს მიუძღვის, ვიდრე მომხმარებლებს. შესაბამისად, პროპორციები დაცული უნდა იყოს პასუხისმგებლობაში“, - განაცხადა ავთანდილ კუჭავამ.

ცნობისთვის, 30 აგვისტოს Coinbase-ზე მომხდარი ტექნიკური ხარვეზის გამო, ქართველ ტრეიდერებს შესაძლებლობა ჰქონდათ ნებისმიერი კრიპტოვალუტა 100-ჯერ უფრო ძვირად გაეყიდათ. გავრცელებული ინფორმაციით, ასეთი ქართველი მომხმარებლების რაოდენობა 1000-მდეა, ხოლო ამ გზით მიღებული თანხა რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს აღწევს. ქართველი ტრეიდერების ნაწილმა თანხის საკუთარ ანგარიშებზე გადმოტანაც შეძლო, ბანკებმა ამ მომხმარებლებს ანგარიშები მომენტალურად გაუყინეს, თუმცა მოგვიანებით, მათ თანხებზე წვდომა აღუდგათ.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ