LIVE
ვიდეო
19 სექ, 2022 16:20
PPA-ს ნაცვლად აუქციონების სისტემა - რა მოდელს შესთავაზებს მთავრობა ინვესტორებს
743

ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლების მოლოდინის მიუხედავად, მთავრობა დარგის ინვესტორებისთვის ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს (PPA) აღარ აღადგენს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეული შეთანხმებით, გარანტირებული შესყიდვის მექანიზმს აუქციონების სისტემა ჩაანაცვლებს. 

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი PPA ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ფისკალური რისკების შემცირება და საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული მხარდაჭერის მექანიზმების დანერგვაა.

„ენერგეტიკის დარგში პირდაპირი მოლაპარაკებები და გარანტირებული შესყიდვის მექანიზმი აღარ იქნება. მას ჩაანაცვლებს აუქციონის სისტემა, რაც ჩემი აზრით, მეტად იქნება საბაზრო პრინციპებზე მორგებული და დარგის განვითარების ხელშემწყობი, ვიდრე ეს PPA მექანიზმი იყო. ახალი სისტემა გულისხმობს, რომ აუქციონის შედეგების მიხედვით მოხდება შესაბამისი მემორანდუმების და ხელშეკრულებების გაფორმება. უფრო მეტ დეტალს ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკის დარგის ინვესტორებს უახლოეს ხანებში თავად გააცნობს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ცნობისთვის, მთავრობამ სავალუტო ფონდის რეკომენდაციის საფუძველზე, 2017 წელს PPA ხელშეკრულებებზე მორატორიუმი გამოაცხადა. ამის შემდეგ იყო მოლოდინი, რომ ენერგეტიკის დარგში გარკვეული ფორმით აღნიშნული მექანიზმი აღდგებოდა, თუმცა როგორც ირკვევა, მთავრობამ გარანტირებული ხელშეკრულებების ჩანაცვლება აუქციონის სისტემით გადაწყვიტა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ