LIVE

ევრო $1.0029 ღირს - ისტორიული გაუფასურების მიზეზები

12 ივლ 202210:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1492
ევრო $1.0029 ღირს - ისტორიული გაუფასურების მიზეზები

ევროპის საზიარო ვალუტა აშშ დოლართან პარიტეტს მიუახლოვდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 ევრო $1.0029 ღირს. ეს ევროს ისტორიული გაუფასურებაა. ევროს კურსი აშშ დოლარის კურსს უკანასკნელად 2002 წელს მიუახლოვდა.

სპეციალისტები ევროს გაცვლითი კურსის შემცირებას გაზრდილი ინფლაციითა და უკრაინაში ომის ფონზე, ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდებასთან დაკავშირებული შეშფოთებით ხსნიან. მეორე მხრივ, აშშ დოლარის გამყარებას იწვევს მოლოდინი, რომ ინფლაციის გამო, აშშ-ის ცენტრალური ბანკი (Fed) მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს. 

უმსხვილეს მილსადენზე Nord Stream 1-ზე გუშინ ყოველწლიური შეკეთება დაიწყო, რაც, სავარაუდოდ, 10 დღით გაზის ნაკადების შეჩერებას გამოიწვევს. მთავრობები და კომპანიები შიშობენ, რომ რუსეთიდან მიწოდება შესაძლოა, არც ამ დროის გასვლის შემდეგ აღდგეს.

"ახლა ბაზრებისთვის უახლოესი საზრუნავია აღდგება თუ არა Nord Stream 1", ​​- ამბობს CIBC Capital Markets-ის FX სტრატეგის ხელმძღვანელი ბიპან რაი.

მისივე თქმით, სხვა განვითარებული ბაზრის ცენტრალურ ბანკებთან შედარებით, Fed აპირებს განაკვეთები უფრო აგრესიულად გაზარდოს. სავარაუდოა, რომ 26-27 ივლისის შეხვედრაზე ბანკი განაკვეთს 75 საბაზისო პუნქტით გაზრდის.

ნიუ-იორკის ფედერაციის გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელი მომხმარებლები მომავალ წელს ინფლაციის ზრდას ელიან, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო ზომიერი ტემპის მოლოდინი აქვთ, რაც ნიშნავს, რომ ინფლაციის მოლოდინები გონივრულად შენარჩუნებულია.

ევროს დაღმავალი სპირალი სწრაფია, იმის გათვალისწინებით, რომ თებერვალში ის დაახლოებით $1,15-ად ივაჭრებოდა. 

გუშინ აშშ დოლართან მიმართებით, სხვა ვალუტები კიდევ უფრო მეტად გაუფასურდა. მათ შორისაა ავსტრალიური დოლარი, ასევე ნორვეგიისა და ახალი ზელანდიის ვალუტა. განვითარებადი ბაზრებიდან, ყველაზე დიდი ვარდნა ჩილეს პესომ განიცადა.