LIVE

განვითარებად ბაზრებზე დეფოლტების კასკადია მოსალოდნელი

09 ივლ 202211:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 835
განვითარებად ბაზრებზე დეფოლტების კასკადია მოსალოდნელი
Nipah Dennis/AFP/Getty Images

მეოთხედი ტრილიონი დოლარის პრობლემური ვალი განვითარებად სამყაროში დეფოლტების კასკადის საფრთხეს ქმნის.

შრი-ლანკა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მიმდინარე წელს შეაჩერა გადახდები უცხოურ ობლიგაციებზე საკვებისა და საწვავის გადაჭარბებული ხარჯების გამო, რამაც პროტესტი და პოლიტიკური ქაოსი გამოიწვია. რუსეთის დეფოლტი ივნისში მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ქვეყანას უკრაინაში ომის გამო მძიმე სანქციები დაუწესდა.

ახლა ყურადღება გამახვილებულია ელ სალვადორზე, განაზე, ეგვიპტეზე, ტუნისსა და პაკისტანზე - ქვეყნებზე, რომლებსაც Bloomberg Economics-ი მიიჩნევს დაუცველად დეფოლტის მიმართ. შეშფოთების საფუძველს ხედავს "მსოფლიო ბანკის" მთავარი ეკონომისტი კარმენ რაინჰარტი და გრძელვადიანი განვითარებადი ბაზრის ვალის სპეციალისტები, როგორიცაა Elliott Management-ის პორტფელის ყოფილი მენეჯერი ჯეი ნიუმანი

“დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის ვალის რისკები და სავალო კრიზისი არ არის ჰიპოთეტური”, - თქვა რაინჰარტმა Bloomberg Television-ის ეთერში. 

Bloomberg-ის მონაცემების მიხედვით, განვითარებადი ბაზრების რაოდენობა, სადაც სუვერენული ვალით ვაჭრობენ პრობლემურ დონეზე, გაორმაგდა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში. 19 ქვეყანაში ერთად 900 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და ზოგიერთი, როგორიცაა შრი-ლანკა და ლიბანი, უკვე დეფოლტშია.

ამდენად, $237 მილიარდი სასწორზეა უცხოური ობლიგაციების მფლობელების გამო, რომლებიც დაძაბულ გარემოში ვაჭრობენ. Bloomberg-ის მონაცემების თანახმად, ეს ემატება განვითარებადი ბაზრის $1.4 ტრილიონის ვალის მქონე სახელმწიფოების თითქმის მეხუთედს ან დაახლოებით 17%-ს, რომელთაც აქვთ საგარეო ვალები დოლარში, ევროში ან იენში.

როგორც კრიზისებმა არაერთხელ აჩვენა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ერთი მთავრობის ფინანსურმა კოლაფსმა შეიძლება გამოიწვიოს დომინოს ეფექტი. რისკიანი მოვაჭრეები იტაცებენ ფულს ეკონომიკური პრობლემების მქონე ქვეყნებიდან და ამით დააჩქარებენ მათ დაცემას. მსგავსი კრიზისებიდან ყველაზე მძიმე იყო ლათინური ამერიკის ვალების კრახი 1980-იან წლებში.

განვითარებადი ბაზრების მკვლევრები ამბობენ, რომ მიმდინარე მოვლენებს ლათინური ამერიკის გამოცდილებასთან გარკვეული მსგავსება აქვს. როგორც მაშინ, ფედერალური სარეზერვო სისტემა ახლაც ზრდის საპროცენტო განაკვეთებს ინფლაციის შესაკავებლად, რამაც გამოიწვია დოლარის ღირებულების ზრდა. ეს კი ართულებს განვითარებადი ქვეყნებისთვის უცხოური ობლიგაციების მომსახურებას.

ყველაზე დიდი სტრესის ქვეშ, როგორც წესი, უფრო პატარა ქვეყნები არიან, რომელთაც ნაკლები გამოცდილება აქვთ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე. მსხვილი განვითარებადი ეკონომიკები, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი, მექსიკა და ბრაზილია, ამაყობენ ძლიერი გარე ბალანსითა და სავალუტო რეზერვებით.

უფრო დაუცველ ქვეყნებში არსებობს შეშფოთება იმის შესახებ, თუ რა მოხდება შემდეგ. სურსათისა და ენერგიის ფასების ზრდასთან ერთად, იმატებს პოლიტიკური დაძაბულობა მთელს მსოფლიოში. ეს ჩრდილს აყენებს ობლიგაციების მომავალ გადახდებს დიდი ვალის მქონე ქვეყნებში, როგორიცაა განა და ეგვიპტე.

ეკონომისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნება, თუ მსგავსი ქვეყნები ფულს საკუთარი მოქალაქეების დასახმარებლად გამოიყენებენ. რუსეთ-უკრაინის ომმა ზეწოლა მოახდინა საქონლის ფასებზე, გლობალური საპროცენტო განაკვეთების ზრდასა და აშშ დოლარის გამყარებაზე. შედეგად, ზოგიერთი ქვეყნისთვის ტვირთი, სავარაუდოდ, აუტანელი იქნება.

ანუპამ დამანი, Nuveen-ის საერთაშორისო და განვითარებადი ბაზრის ვალების ხელმძღვანელი, შეშფოთებულია განვითარებად ქვეყნებში ენერგიასა და საკვებზე ხელმისაწვდომობის შენარჩუნების შესაძლებლობით.

“ეს არის ის, რაც გაგრძელდება წლის მეორე ნახევარში. არსებობს უამრავი აკადემიური ლიტერატურა და ისტორიული პრეცედენტი სოციალური არასტაბილურობის შესახებ და ის გვაჩვენებს, რა შეიძლება გამოიწვიოს სურსათის მაღალმა ფასებმა. საბოლოოდ, ამან შესაძლოა გამოიწვიოს პოლიტიკური ცვლილებები”,- ამბობს დამანი.

სამი მუადი, პორტფელის მენეჯერი T. Rowe Price-ში, რომელიც ეხმარება დაახლოებით $6,2 მილიარდის აქტივების კონტროლს, ამბობს, რომ ბევრი განვითარებადი ბაზარი ჩქარობდა ოფშორული ობლიგაციების გაყიდვას Covid-ის პანდემიის დროს, როდესაც ხარჯვის საჭიროებები მაღალი იყო და სესხის აღების ხარჯები - დაბალი. ახლა, როდესაც მოწინავე ქვეყნების გლობალური ცენტრალური ბანკები ამკაცრებენ პირობებს, კაპიტალის ნაკადებს განვითარებადი ბაზრების დატოვებისკენ უბიძგებენ და უზრდიან ხარჯებს, ზოგიერთი მათგანი რისკის ქვეშ იქნება.

რისკის მიმართ არაკეთილგანწყობა ასევე გავრცელდა აქტიურ ტრეიდერებზე, რომლებიც ყიდულობენ დეფოლტის დაზღვევას განვითარებად ბაზრებზე. 

ფულის მენეჯერები იძულებული ხდებიან, დატოვონ განვითარებადი ქვეყნები. მათ გამოიტანეს $4 მილიარდი განვითარებადი ბაზრის ობლიგაციებიდან და აქციებიდან ივნისში. ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგეს, რაც რუსეთის შეჭრა უკრაინაში და ომის გავლენა საქონლის ფასებსა და ინფლაციაზე აისახა ინვესტორების განწყობაზე.

ფეთქებადი ობლიგაციების სპრედი ასევე განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ცენტრალური ბანკებისთვის, რომლებიც ხედავენ მკვეთრ კომპრომისს საპროცენტო განაკვეთების გამკაცრებასა და ინფლაციის შეკავებას შორის.  

შრი-ლანკაში პოლიტიკური დაძაბულობა გაამწვავა ელექტროენერგიის გათიშვამ და მზარდმა ინფლაციამ, რამაც გააძლიერა უთანასწორობა. Barclays-ის ანალიტიკოსებმა, კრისტიან კელერის ხელმძღვანელობით, განაცხადეს, რომ ეს შეიძლება განმეორდეს სხვაგან მიმდინარე წლის მეორე ნახევარში.

“მოსახლეობა, რომელიც იტანჯება სურსათის მაღალი ფასებით და მარაგის დეფიციტით, შეიძლება გახდეს პოლიტიკური არასტაბილურობის საყრდენი”, - წერს მისი გუნდი ანგარიშში.

ელ სალვადორი

ცენტრალური ამერიკის ქვეყნის რეიტინგი შემცირდა, რადგან დოლარის ობლიგაციები დაეცა პრეზიდენტ ნაიბ ბუკელეს ხშირად არაპროგნოზირებადი პოლიტიკის გამო. ბიტკოინის ლეგალური გადახდის საშუალებად მიღებამ, ისევე როგორც ბუკელეს მთავრობის ნაბიჯებმა ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ, გააჩინა შეშფოთება ელ სალვადორის შესაძლებლობებთან და მზადყოფნასთან დაკავშირებით საგარეო ვალდებულებების დაფარვაზე, განსაკუთრებით მისი ბიუჯეტის დეფიციტის და $800 მილიონის ოდენობის ობლიგაციების გათვალისწინებით. 

განა, ტუნისი, ეგვიპტე

ეს ქვეყნები არიან ნაკლებად ხშირი მსესხებლები დაბალი რეიტინგით და დაბალი სარეზერვო ბუფერებით. Moody's Investors Service გვაფრთხილებს, რომ ეს ქვეყნები დაუცველი იქნებიან სესხის აღების ხარჯების მიმართ. აფრიკის სახელმწიფოებს აქვთ შედარებით მცირე სავალუტო რეზერვები 2026 წლამდე დაფარვის ობლიგაციებზე გადახდების დასაფარად. ეს შეიძლება გახდეს პრობლემა, თუ ისინი ვერ შეძლებენ დაფარვის ობლიგაციების გადატანას საგარეო ვალის ბაზრებზე შესვლის გაზრდილი ღირებულების გამო. განა IMF-სგან მინიმუმ $1,5 მილიარდს ითხოვს.

პაკისტანი

პაკისტანმა ახლახან განაახლა მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. მას სჭირდება თანხა სულ მცირე $41 მილიარდის ვალის დაფარვისა და იმპორტის დასაფინანსებლად მომდევნო 12 თვეში. შრი-ლანკის მსგავსად, მომიტინგეები გამოვიდნენ ქუჩებში ელექტროენერგიის 14 საათიანი გათიშვის წინააღმდეგ, რომელიც ხელისუფლებამ დააწესა საწვავის დაზოგვის მიზნით.  

არგენტინა

სამხრეთ ამერიკის ქვეყანამ გაიარა ცხრა დეფოლტი 2020 წელს პანდემიით გამოწვეული რეცესიის დროს. წლის ბოლომდე ინფლაცია 70%-ს მიაღწევს, რაც გაზრდის ზეწოლას ხელისუფლებაზე, რათა შეზღუდონ ეკონომიკიდან დოლარის გაშვება გაცვლითი კურსის გასაკონტროლებლად. ამავდროულად, პოლიტიკურმა კონფლიქტმა პრეზიდენტ ალბერტო ფერნანდესსა და მის ვიცე-პრეზიდენტს, კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერს შორის, 2023 წლის არჩევნების წინ ეკონომიკის პერსპექტივა ბუნდოვანი გახადა.

უკრაინა

რუსული ჯარების შეჭრამ გამოიწვია უკრაინის ხელისუფლების მიერ ვალის რესტრუქტურიზაციაზე ფიქრი. ქვეყანამ ასევე აღნიშნა, რომ ესაჭიროება 60-დან 65 მილიარდ დოლარამდე მიმდინარე წლის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ომმა გაანადგურა ქალაქები, შეაჩერა ეროვნული მარცვლეულის ექსპორტი და 10 მილიონზე მეტი ადამიანი ლტოლვილად აქცია. ქვეყანამ ასევე გამოაქვეყნა გრძელვადიანი აღდგენის გეგმა, რომელმაც შესაძლოა $750 მილიარდს გადააჭარბოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სიდნი მაკი