LIVE

შოლცი გერმანელებს ინფლაციასთან გასამკლავებლად ფინანსურ დახმარებას ჰპირდება

06 ივლ 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 633
შოლცი გერმანელებს ინფლაციასთან გასამკლავებლად ფინანსურ დახმარებას ჰპირდება
Valeria Mongelli/Bloomberg

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პირობას დებს, რომ გერმანელებს მეტ ფინანსურ დახმარებას გაუწევს, რათა მზარდი ხარჯებით გამოწვეული ტვირთი შეუმსუბუქოს.  

შოლცის ადმინისტრაციამ მომატებული ფასების გავლენის შესამცირებლად ორი პაკეტი მოამზადა. 

"უნდა ვნახოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ მოქალაქეები ფასების დრამატული ზრდისგან", - თქვა მან.

შოლცის კაბინეტის მიერ მომზადებული კანონპროექტი სახელმწიფოს საშუალებას აძლევს მოქალაქეებს შესთავაზოს დახმარების პაკეტები, მათ შორის წილების შეძენა და გადაუდებელი სესხების გაცემა. 

შოლცმა ამჟამინდელი ფასების ზრდა შეადარა 1960-70-იანი წლების ინფლაციურ კრიზისს. კანცლერმა მოუწოდა კომპანიებს შეინარჩუნონ ფასები და არ გამოიყენონ სიტუაცია მოგების გასაზრდელად.

დახმარების პოლიტიკა, რომელსაც გერმანია ამჟამად აწარმოებს, 30 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულებისაა. ის მოიცავს ელექტროენერგიაზე დამატებითი გადასახადის გაუქმებას, ფასდაკლებას საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთებზე და ერთ ბავშვზე ერთჯერადად 100 ევროს ოდენობით, ხოლო გადასახადის გადამხდელ თითოეულ პირზე 300 ევროს ოდენობით დახმარებას.

რუსეთის მხრიდან გაზის ნაკადის კიდევ უფრო შემცირების გამო, შესაძლოა, გერმანული მრეწველობა და ევროპის უდიდესი ეკონომიკა რეცესიის ზღვარზე მივიდეს. 

ბოლო პერიოდში ევროზონაში ინფლაცია ყველა დროის მაქსიმუმამდე დაჩქარდა. 

მას შემდეგ, რაც გერმანიის ინფლაცია 8.7%-მდე გაიზარდა, ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა ფასების ზრდის წინააღმდეგ ბრძოლას „უმაღლესი პრიორიტეტი“ მიანიჭა და ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკის შეწყვეტას მხარდაჭერა გამოუცხადა.

მაღალი ინფლაციის გამო, ივნისში ავსტრიის მთავრობა გადასახადის გადამხდელებს ფულადი შეღავათების სახით €1 000-ს და დამატებით სუბსიდირებას დაჰპირდება, რაც მზარდი ინფლაციის ეფექტების შემსუბუქებას ემსახურება.

დიდ ბრიტანეთში ინფლაციამ მაისში 40-წლიან მაქსიმუმს მიაღწია და 9.1%-მდე დაჩქარდა. რეკორდული ინფლაცია, საწვავითა და ელექტროენერგიით დაწყებული, საკვებითა და სასმელებით დამთავრებული, ყველაფრის ღირებულების ფართო ზრდას მოჰყვა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მაიკლ ნიენბერი