LIVE

როგორ დაეხმარა ლაიენი უკრაინას ევროკავშირის მძიმე კარის გაღებაში

24 ივნ 202219:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 832
როგორ დაეხმარა ლაიენი უკრაინას ევროკავშირის მძიმე კარის გაღებაში
Frederick Florin/AFP/Getty Images

უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიანიშნებს უფრო მტკიცე ევროკავშირზე, რომელიც რუსეთის საფრთხის მიუხედავად, აღმოსავლეთ ფლანგზე მყოფ ქვეყნებსაც მოიცავს. 

ეს საფრთხე მხოლოდ სამხედრო აგრესია არ არის. ევროკავშირის ლიდერების მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე მოსკოვმა ევროპას გაზის მიწოდება მკვეთრად შეუზღუდა. ამან განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია გერმანიაში, სადაც ქვეყნის ინდუსტრია განსაკუთრებით არის დამოკიდებული რუსულ ენერგიაზე. ოფიციალური პირები მზად არიან შემდგომი შურისძიებისთვის და ფონ დერ ლაიენმა შესაძლოა გვიჩვენოს, თუ რა გავლენა აქვს წევრ ქვეყნებზე. ის რისკის მოყვარულია.

ურსულა ფონ დერ ლაიენი 2019 წლიდან ევროკომისიას ხელმძღვანელობს. მას ჰქონდა არაერთგვაროვანი შედეგები გერმანიის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, რამდენადაც ქვეყნის შეიარაღებული ძალები უჩიოდნენ მოძველებულ აღჭურვილობას და რესურსების ნაკლებობას.

მიუხედავად იმისა, რომ ის პოლიტიკოსად გერმანიის "ულტრა ფრთხილი" კანცლერის, ანგელა მერკელის დროს ჩამოყალიბდა, ლაიენი მიიჩნეოდა თამამ პერსონად, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს საქმის კეთების სტილით აღიზიანებს. 

მრავალი დეპუტატის წინააღმდეგობის მიუხედავად, ლაიენმა სამხედროებისთვის დეკრეტული შვებულების შემოღებით ბუნდესტაგში მტრები გაიჩინა, მაგრამ მოიპოვა მერკელის პატივისცემა. მრავალ საკითხში აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მერკელი აღიარებდა, რომ ლაიენს საქმეში წარმატების მიღწევა შეეძლო.

ბრიუსელში მან მიმართა მსგავს ტაქტიკას როდესაც, ევროპული ეკონომიკის დეკარბონიზაცია დაგეგმა. მან საბოლოო წინადადებები გადამწყვეტ შეხვედრებამდე რამდენიმე საათით ადრე წარადგინა, რის გამოც ოპონენტებს მცირე დროს დარჩათ გონივრული პასუხის ჩამოსაყალიბებლად.

63 წლის ფონ დერ ლიენს, რომელსაც შვიდი შვილი ჰყავს, სამუშაო ოთახიდან რამდენიმე მეტრში სძინავს უფანჯრო ოთახში, სადაც ადრე სათავსო იყო. 

პანდემიის მწვერვალზე მან დაიმსახურა ყველა მხარის უარყოფითი დამოკიდებულება, როდესაც დიდი ბრიტანეთისთვის ვაქცინების დაბლოკვით დაიმუქრა

მიმდინარე თვის დასაწყისში, როცა ფონ დერ ლაიენმა რუსულ ნავთობზე სანქციების გეგმა ევროპარლამენტში წარადგინა, წევრ ქვეყნებს დეტალების გადახედვის საშუალებაც კი არ მიეცათ, რამაც რამდენიმე დიპლომატის გაღიზიანება გამოიწვია. 

დიპლომატები აღნიშნავენ, რომ მოლაპარაკებების სირთულეებისა და ზეწოლის მიუხედავად, ფონ დერ ლაიენმა მოახერხა ისეთი პოზიციის პოვნა, რომელზეც 27-ვე წევრი შეთანხმდა.

როდესაც თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ბევრი ევროპელი ოფიციალური პირი ამბობდა, რომ შეუძლებელი იქნებოდა მოსკოვის SWIFT-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან გამოეთიშათ.  

"პრეზიდენტ პუტინს არ მივცემთ საშუალებას, გაანადგუროს უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც ევროპას მშვიდობასა და სტაბილურობას მრავალი ათწლეულის განმავლობაში უნარჩუნებდა", - თქვა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის ჭრიდან რამდენიმე საათის შემდეგ. 

ოთხი თვის შემდეგ, მისი დახმარებით, სანქციები გავრცელდა ნახშირისა და ნავთობის ექსპორტზეც კი. მან ამაში აიყოლია უფრო ფრთხილი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია და საფრანგეთი, მოახერხა პუტინის წინააღმდეგ აშშ-ს პოზიციასთან დაახლოება და ერთიანი ფრონტის შენარჩუნება. ევროკავშირმა დარტყმა მიაყენა პუტინთან დაახლოებულ პირებს, როგორებიცაა ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი, და ყოფილი ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა 

სანქციების პაკეტი აჩვენებს თუ რის გასაკეთებლად არიან მზად ქვეყნები პუტინის ზეწოლის პირობებში და რამდენს აიტანენ ფონ დერ ლაიენისგან. 

ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, როდესაც ხედავს, რომ იღებს იმას, რაც მას სურს, შემდეგ კიდევ უფრო მეტის მიღწევა სურს. 

ლაიენს უფლებამოსილება 2024 წელს ეწურება. მას მეორე ვადით არჩევის უფლება აქვს. ზოგიერთი წყაროს თქმით, ლაპარაკობენ იმაზე, რომ მეორე ვადით მისი არჩევის ნაცვლად, ალტერნატიული კანდიდატი მოიძიონ. 

ფონ დერ ლაიენი ცდილობს, რომ ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს და საკუთარ თავს უფრო დიდი უფლებამოსილება შესძინოს. 

აპრილში მისმა გუნდმა ევროკავშირის ელჩებს განუცხადა, რომ კომისიას ექნებოდა ყოველდღიური კონტროლი უკრაინის აღმშენებლობის ნებისმიერ ფონდზე, რომელიც პოტენციურად ასობით მილიარდ ევროს შეადგენს. მას სურს, რომ კომისიას უფრო მეტი გავლენა ჰქონდეს ენერგეტიკულ ბაზარზე, რადგან ბლოკი აჩქარებს რუსული წიაღისეული საწვავისგან იზოლირებას. 

საქართველოსთვის პირობითი კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციით, ისევე როგორც უკრაინის წინსვლით, ფონ დერ ლაიენის კომისიამ შექმნა პერსპექტივა, რომ ბლოკი ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გადაიჭიმოს კავკასიაში - რეგიონში, რომელსაც პუტინი რუსეთის გავლენის სფეროდ მიიჩნევს. 

ფონ დერ ლაიენი კიევში 11 ივნისს ჩავიდა. ეს ის დროა, როცა კომისია თავის რეკომენდაციებს ამზადებდა. ამ ნაბიჯით ის ევროკავშირის ლიდერებს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა. ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი წინ მიიწევს. 

რამდენიმე დღეში მას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის ემანუელ მაკრონი და იტალიელი მარიო დრაგი მიჰყვნენ. ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, ამ ვიზიტმა თამაშის წესები მთლიანად შეცვალა. 

მაშინ, როცა მიმდინარე წლის მარტში, ვერსალში შეკრებილი ევროკავშირის ლიდერები უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის მზად არ იყვნენ, უკრაინამ მოახერხა და ისტორიულ წარმატებას მიაღწია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ხორხე ვალერო