LIVE

უკრაინა ევროკავშირისკენ მიიწევს - რა რეაქცია ექნება რუსეთს?

23 ივნ 202212:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 850
უკრაინა ევროკავშირისკენ მიიწევს - რა რეაქცია ექნება რუსეთს?

მიიღებს თუ არა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ცნობილი უახლოეს საათებში გახდება. თბილისის დროით 16:00 საათზე ევროპული საბჭოს სამიტი დაიწყება, სადაც მთავარი განსახილველი თემა სტატუსის მინიჭება იქნება. 

სავარაუდოდ, საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციას გაითვალისწინებს და უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.

"დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს უკრაინას და მოლდოვას და ნათელია, რომ მივცემთ ევროპულ პერსპექტივას უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს", - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

რას შესძენს ევროკავშირი ომში მყოფ უკრაინას და რა რეაქცია ექნება რუსეთს - BBC ევროკავშირის და უკრაინის ურთიერთობის, ასევე, მოსალოდნელი შედეგების შესახებ ანალიზს გვთავაზობს. 

რა არის ევროკავშირი?

ევროკავშირი ევროპის 27 სახელმწიფოს ეკონომიკური და პოლიტიკური გაერთიანებაა. წევრ ქვეყნებს შორის თავისუფლად მოძრაობს საქონელი, მომსახურება და ფული. ევროკავშირის მოქალაქეებს შეუძლიათ იცხოვრონ და იმუშაონ ბლოკის ნებისმიერ ადგილას.

გაერთიანების საერთო ვალუტას, ევროს, 19 ქვეყნის 340 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს.

წევრ ქვეყნებში გამოიყენება საერთო სტანდარტები მთელ რიგ სფეროებში, მათ შორის სურსათის უვნებლობის, ფერმერული მეურნეობისა და დასაქმების მიმართულებით.

ევროკავშირი ასევე გასცემს გრანტებს ევროპის ღარიბი რეგიონებისთვის, რათა მათ ეკონომიკის გაძლიერებაში დაეხმაროს. 

რატომ სურს უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანება?

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი 28 თებერვალს, რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღეში მოაწერა

მან ევროკავშირის ლიდერებს სთხოვა, რომ უკრაინა ბლოკში დაუყოვნებლივ გააწევრიანონ, მაგრამ პროცესს შეიძლება წლები დასჭირდეს.  

ევროკავშირში გაწევრიანებას ფინანსური სარგებელი აქვს, მაგრამ უკრაინის მთავარი მოტივი ეს არ არის.

"ევროკავშირის წევრობა უკრაინას დაეხმარება, რომ დამოუკიდებელ, სუვერენულ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს", - ამბობს ბრიუსელის ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრის მკვლევარი ზაკ პაიკინი. 

როგორ წევრიანდებიან ქვეყნები ევროკავშირში?

პირველ რიგში, ევროკომისია აფასებს არის თუ არა ქვეყანა წევრობისთვის შესაფერისი კანდიდატი. ის განიხილავს, ჰყავს თუ არა ქვეყანას სტაბილური, დემოკრატიული მთავრობა, რამდენად დაცულია ადამიანის უფლებები და არის თუ არა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა.

ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღებას ევროკავშირის ყველა წევრი უნდა დაეთანხმოს. ამის შემდეგ ქვეყანამ უნდა მიიღოს ევროკავშირის ყველა კანონი და რეგულაცია. ამას ჩვეულებრივ რამდენიმე წელი სჭირდება. საბოლოოდ, ქვეყანა ხელს აწერს გაწევრიანების ხელშეკრულებას, რომლის რატიფიცირებაც ევროკავშირის ყველა სხვა ქვეყანამ უნდა მოახდინოს.

რა დრო სჭირდება ევროკავშირში გაწევრიანებას?

ბლოკში ბოლოს შესულ ქვეყნებს, ბულგარეთს, რუმინეთს და ხორვატიას ამისთვის 10-დან 12 წლამდე დასჭირდა. 

ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო და სერბეთი წევრობის კანდიდატები წლების განმავლობაში იყვნენ, მაგრამ  მათი განაცხადები შეჩერებულია. 

თურქეთი კანდიდატი 1999 წელს გახდა, თუმცა, მის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შეჩერდა, რადგან ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა ბლოკში შეშფოთებას იწვევს. 

რა ადგილს დაიკავებს უკრაინა ევროკავშირში?

• ყველაზე დიდი ქვეყანა ფართობის მიხედვით: 603,550 კმ²;

• მოსახლეობის მხრივ, სიდიდით მეხუთე ქვეყანა: 44,13 მილიონი ადამიანი;

• უკრაინის მშპ ერთ სულ მოსახლეზე $3,724-ია, რაც ევროკავშირის საშუალო მშპ-ის მაჩვენებლის ერთი-მეცხრედია;

• უკრაინა მარცვლეულის 30%-ს ევროკავშირში ყიდის;

რა კავშირი აქვს ამჟამად უკრაინას ევროკავშირთან?

ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, 2017 წლიდან უკრაინას ევროკავშირის ქვეყნებთან ტარიფების გადახდის გარეშე ვაჭრობა შეუძლია. 

წევრობისთვის განაცხადის მომზადების პერიოდში, უკრაინამ უკვე შეცვალა მრავალი კანონი და რეგულაცია ევროკავშირის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.

კიდევ რისი გაკეთება ევალება უკრაინას? 

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გატარებულ ზომებს დადებითად აფასებს, მაგრამ ამბობს, რომ უკრაინამ უნდა გაატაროს შემდგომი "მნიშვნელოვანი რეფორმები". მათ შორისაა კანონის უზენაესობის გაძლიერება, ადამიანის უფლებების გაუმჯობესება, ოლიგარქების ძალაუფლების შემცირება და კორუფციის დაძლევა.

მკვლევარი ზაკ პაიკინი ამბობს, რომ უკრაინამ სრულფასოვანი საბაზრო ეკონომიკა უნდა შექმნას, "რაც რთულია პოსტსაბჭოთა რესპუბლიკისთვის".

კიდევ ერთი გამოწვევა იქნება წმენდა სასამართლო სისტემის, რომელსაც ფართოდ აკრიტიკებენ.

რაში დაეხმარა ევროკავშირის წევრობა იმ ქვეყნებს, რომლებიც ბლოკს ბოლოს შეუერთდნენ?

გაწევრიანებიდან 15 წელიწადში რუმინეთის ეროვნული შემოსავალი სამჯერ გაიზარდა, ხოლო ბულგარეთის - გაორმაგდა.

ევროპის სტრუქტურული და საინვესტიციო ფონდების მეშვეობით, ევროკავშირმა ათობით მილიარდი ევრო გადასცა ორივე ქვეყანას. ეს ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას, მაგალითად, ინფრასტრუქტურის, ახალი გზებისა და პორტების აშენების გზით.

2014-2020 წლებში ბულგარეთმა მიიღო 11,2 მილიარდი ევრო, ხოლო რუმინეთმა - 35 მილიარდი ევრო. თუმცა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა" ამტკიცებს, რომ ამ თანხის დიდი ნაწილი კორუფციის გამო დაიკარგა.

ბულგარეთი ხელფასების, ჯანმრთელობისა და განათლების თვალსაზრისით, ევროკავშირში კვლავ ბოლო ადგილზე რჩება, მაგრამ რუმინეთმა მოახერხა და სიღარიბის მაჩვენებლით მე-2 ადგილიდან მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.  

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საზღვარგარეთ წასასვლელად ევროკავშირის გადაადგილების თავისუფლების პოლიტიკა დაახლოებით 1,5 მილიონმა ბულგარელმა და 4 მილიონმა რუმინელმა გამოიყენა. კრიტიკოსები შიშობენ, რომ "ტვინების გადინებამ" შეიძლება ზიანი მიაყენოს ორივე ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებს.

როგორ რეაგირებს რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე?

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ძალიან კრიტიკულია უკრაინის ნატოში გაწევრიანების მისწრაფების მიმართ, მისი მტკიცებით, "არაფერი აქვს საწინააღმდეგო", რომ უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი.

თუმცა, მისი სპიკერი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ კრემლი განაცხადს "მომეტებულ ყურადღებას" მიაქცევს, რადგან ევროკავშირი საკუთარი თავდაცვის ძალების შექმნას განიხილავს.

"განიხილება სამხედრო, თავდაცვითი და უსაფრთხოების კომპონენტები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს საფუძვლიანად ვაკვირდებით", - განაცხადა პესკოვმა.

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი შიშობს, რომ რუსეთმა შესაძლოა ევროკავშირში შეტანილი განაცხადის გამო, შური იძიოს.

"ცხადია, რუსეთისგან კიდევ უფრო მტრულ ქცევას უნდა ველოდოთ. არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც", - განაცხადა ზელენსკიმ.