LIVE

კრიპტობაზარი პანიკაშია, ბიტკოინი $17 000-იან ნიშნულს უახლოვდება

19 ივნ 202200:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 1090
კრიპტობაზარი პანიკაშია, ბიტკოინი $17 000-იან ნიშნულს უახლოვდება

18 ივნისს, დღის ბოლოსთვის, ბიტკოინი 18 000 დოლარიან ნიშნულს დაღმასვლის მიმართულებით გასცდა, პირველად 2020 წლის დეკემბრის შემდეგ, რაც მზარდი კრიპტოპანიკის კიდევ ერთი დასტურია.

კრიპტოინვესტორების ბოლოდროინდელი სტრესი, თავის მხრივ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ გაამწვავა. 

უმსხვილესი ციფრული ვალუტის ღირებულება 13%-ზე მეტით  შემცირდა და კვირა დღის დასაწყისისთვის 17 700 დოლართან ახლოს ივაჭრებოდა. ეს ბიტკოინისთვის დაღმასვლის ზედიზედ მე-12 დღეა, რაც მისი არსებობის ისტორიაში უწყვეტი ვარდნის რეკორდულად ხანგრძლივი პერიოდია.

ბიტკოინს ფეხდაფეხ მისდევენ სხვა ქოინებიც: ეთერიუმმა $1,000-იანი ფსიქოლოგიური ნიშნული გადალახა დაღმასვლის ტრაექტორიით, რითაც 19%-ზე მეტი ვარდნა აჩვენა. მისი ღირებულება 2021 წლის იანვრის შემდეგ ახლა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. შედეგად, კრიპტობაზრის ორივე წამყვანი მონეტის ღირებულება ჯამურად 70%-ით არის შემცირებული ყველა დროის რეკორდულად მაღალ ნიშნულთან შედარებით, რაც ორივე მათგანს ნოემბრის დასაწყისში ჰქონდა.

Coinglass-ის თანახმად, ბოლო 24 საათში კრიპტო ბაზრიდან $435.5 მილიონი გაქრა. აქედან მხოლოდ ბიტკოინზე $202 მილიონი მოდის, ხოლო $144.5 მილიონი - ეთერიუმზე.

“ჩვენ ახლა ვაკვირდებით თუ როგორ ეცემა ფასები ქოინების ლიკვიდაციის ფონზე, რაც განწყობაზე ნეგატიურად მოქმედებს და ინვესტორებს კიდევ უფრო მეტად უბიძგებს, თავიდან მოიშორონ კრიპტოაქტივები. ეს ტენდენცია გარკვეულ ხანს კიდევ გასტანს, თუმცა რაღაც ეტაპზე საკუთარ თავს ამოწურავს," ამბობს Genesis-ის ბაზრის ანალიტიკოსი, ნოელ აჩესონი. 

ამ მხრივ არც ალტკოინებია გამონაკლისი, ინვესტორების განწყობა მათთან მიმართებაშიც უარესდება. Bloomberg-ის ტრეიდინგ სისტემაში ყველა ტოკენი გაწითლებულია. კარდანო, სოლანა, დოჯკოინი და პოლკადოთი 24-საათიან პერიოდში რეკორდულ ვარდნას აჩვენებენ 12-14%-ის ფარგლებში. ღირებულების 16% დაკარგეს Monero-მ და Zcash-მაც.

ყველაფრის მიზეზი ცუდი ამბების ტოქსიკური მიქსი და გაზრდილი საპროცენტო განაკვეთებია, რაც მაღალრისკიანი კრიპროაქტივებისთვის დამანგრეველი აღმოჩნდა. აშშ-ს ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ დოლარის საპროცენტო განაკვეთი 15 ივნისს 1994 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი ბიჯით, 0.75 პროცენტული პუნქტით გაზარდა და მიანიშნა, რომ ფულის გაძვირებას შემდგომ პერიოდშიც გააგრძელებს ინფლაციის შეკავების მიზნით.

“მართალია, ეს მტკივნეულია, თუმცა კრიპტოსექტორისთვის ზედმეტობის მოშორება ჯანსაღი პროცესი ჩანს იმ თვალსაზრისით, რომ ინვესტორები უბრალოდ შემოსავლების ზრდაზე ორიენტირების ნაცვლად ისეთ პროექტებზე გადაერთვებიან, სადაც ბრუნვასთან და მოგებასთან მიმავალი გზა უფრო ცხადია," ამბობს Bank of America-ს კრიპტო და ციფრული აქტივების სტრატეგიების ხელმძღვანელი, ალკეშ შაჰი.

უფრო ადრე, გასულ თვეში, ჯერ კიდევ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამდე, კრიპტოინვესტორებს არანაკლები სტრესი მიაყენა ბლოკჩეინ ტერას კოლაფსმა, რასაც დაერთო მიმდინარე კვირაშივე Celsius-ის გადაწყვეტილება, რომლითაც კლიენტებს პლატფორმიდან თანხის გატანა შეეზღუდათ. კიდევ ერთი ცუდი ამბავი კრიპტო ენთუზიასტებისთვის კრიპტო ჰეჯ ფონდის, Three Arrows Capital-ის ფინანსური დანაკარგები აღმოჩნდა, რომელიც აქტივების გაყიდვას გეგმავს, ხოლო მეორე ფონდი - Babel Finance ასევე დაადგა Celsius-ის გზას. ამ ყველაფრის შედეგად, კრიპტოს გრძელვადიანი ჰოლდერებიც კი შეარყია, რომლებიც ამ დრომდე არ რისკავდნენ ციფრული მონეტების გაყიდვას. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯოანა ოსინგერი და დევიდ პენი