LIVE

მაისში რუსეთმა ნავთობის გაყიდვით $20 მილიარდამდე მიიღო - IEA

15 ივნ 202217:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 980
მაისში რუსეთმა ნავთობის გაყიდვით $20 მილიარდამდე მიიღო - IEA

რუსეთის მიერ ნავთობის ექსპორტით მიღებული შემოსავალი მაისში დაახლოებით $20 მილიარდამდე გაიზარდა. საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს (IEA) მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მიწოდების მოცულობა შემცირდა, ენერგიის ფასების ზრდამ ქვეყნის ექსპორტის შემოსავლები გააძლიერა.

ექსპორტის შემოსავლები წინა თვესთან შედარებით 11%-ით გაიზარდა. ამ ფონზე ქვეყნის მთლიანი შემოსავლები, რომელსაც ის ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებით იღებს, ომამდელ დონეს გაუტოლდა. თუმცა, შემოსავლების ზრდის მიუხედავად ექსპორტის მოცულობა 3%-ით შემცირდა.

მთლიანი მიწოდების მოცულობის შემცირება ძირითადად ნავთობპროდუქტების დაბალი ნაკადით არის განპირობებული. თუმცა, რუსული ნედლი ნავთობის მიწოდება წლის დასაწყისთან შედარებით დღეში 500,000 ბარელით გაიზარდა, რაც ძირითადად აზიურ შესყიდვებს უკავშირდება.

ნავთობი და ბუნებრივი აირი კრემლის შემოსავლების ყველაზე დიდი წყაროა. მას შემდეგ, რაც ქვეყანა თებერვალში უკრაინაში შეიჭრა, დასავლეთი და მისი მოკავშირეები ცდილობენ სანქციებით ომის დაფინანსების მთავარ წყაროს ხელი შეუშალონ.

აშშ-მა უკვე აკრძალა რუსული საწვავის იმპორტი, ხოლო ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი მოსკოვის საზღვაო ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტისთვის ემზადებიან. თუმცა, რუსეთის მწარმოებლებმა ტრადიციული კლიენტების აზიელი მყიდველებით ჩანაცვლება შეძლეს.

მიუხედავად ამისა, Bloomberg-ის გამოთვლებით, რუსეთის ბიუჯეტმა ძლიერი რუბლის გამო ფასების ზრდით სარგებლის მიღება სრულად მაინც ვერ შეძლო. გასულ თვეში ქვეყნის ვალუტა დოლართან მიმართებით თითქმის 15%-ით გამყარდა, რაც კაპიტალის კონტროლის ზომების გამო უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის შემცირების შედეგია.

შედეგად, რუსეთის ბიუჯეტში ნავთობისა და გაზის შემოსავალი მაისში 871 მილიარდ რუბლამდე ($15,5 მილიარდამდე) დაეცა, რაც მკვეთრად ჩამორჩება აპრილის რეკორდულ 1,81 ტრილიონი რუბლის შემოსავალს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია