
მსოფლიო ბანკი (World Bank) წელს საქართველოს ეკონომიკის 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს. გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების უახლესი ანგარიშით, საქართველოს ეკონომიკა ჯერჯერობით სიმტკიცეს ავლენს უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული ეკონომიკური შოკის მიმართ. ამ ფონზე, ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წლისთვის მარტში ნავარაუდევი 2.5%-დან 5.5%-მდე გაზარდა.
„ამ სიმტკიცეს განაპირობებს მომსახურების სექტორის, კერძოდ ტურიზმის გააქტიურება, სადაც მიმდინარე წელს, მაისის ჩათვლით, მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. პროგნოზების მიხედვით, 2023 და 2024 წლებში ადგილი ექნება ეკონომიკის უწყვეტ აღდგენას 5-5.5 პროცენტიანი ზრდის მაჩვენებლით“,- აღნიშნულია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.
ამასთან, საფინანსო ინსტიტუტი მიუთითებს, რომ ინფლაციის წნეხი იზრდება, რამდენადაც მიმდინარე წელს, მაისის ჩათვლით, ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა, რომლის ზრდის 74% გამოწვეულია სურსათზე და საწვავზე ფასების მატებით.
მსოფლიო ბანკის მიხედვით, საქართველოს შესახებ საბაზისო პროგნოზთან დაკავშირებული რისკები მაღალ დონეზე რჩება, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია:
- უკრაინაში ომის შემდგომი ესკალაცია ან გაჭიანურება და სანქციების ნებისმიერი მეორადი ეფექტი;
- ინფლაციის წნეხის ზრდა, რაც ხელს უშლის ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას;
- COVID-19-ის პანდემია, განსაკუთრებით ახალი ვარიანტების და ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის კონტექსტში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა წელს ეკონომიკის 6%-იანი ზრდის პროგნოზს ინარჩუნებს.
მსოფლიო ბანკის გლობალური პროგნოზები
მსოფლიო ბანკი ეკონომიკური ზრდის მკვეთრი შენელების ფონზე სტაგფლაციის რისკის ზრდაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ინფლაციის ზრდასა და ფინანსური პირობების გაუარესებას იწვევს.
განახლებული პროგნოზების თანახმად, წელს მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელება 2.9%-მდე, რაც იანვარში პროგნოზირებულ 4.1%-თან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებელია.
„ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, ამ დონეზე დარჩება 2023-2024 წლების განმავლობაში, რამდენადაც ომი უკრაინაში ახლო მომავალში შეაფერხებს საქმიანობას, ინვესტიციებსა და ვაჭრობას, შესუსტდება დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა, ხოლო ფისკალური და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ღონისძიებები შეწყდება. შედეგად, პანდემიით და ომით გამოწვეული ზიანის გამო, განვითარებად ქვეყნებში, შემოსავალი მოსახლეობის ერთ სულზე წელს პანდემიამდელ დონესთან შედარებით თითქმის 5%-ით ნაკლები იქნება“,- აღნიშნულია ანგარიშში.
მსოფლიო ბანკის თანახმად, მომავალ წელს მოსალოდნელია გლობალური ინფლაციის ზომიერ მაჩვენებლამდე დაყვანა, მაგრამ ბევრ ქვეყანაში ის სავარაუდოდ მაინც სამიზნე დონეზე ზევით შენარჩუნდება.
"პოლიტიკის შემმუშავებლებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი პოლიტიკის გატარებისგან, როგორიცაა ფასების კონტროლი, სუბსიდიები და ექსპორტის აკრძალვა, რასაც შეუძლია სასაქონლო ფასების ბოლოდროინდელი ზრდის გაუარესება. მაღალი ინფლაციის გამოწვევის, სუსტი ზრდის, გამკაცრებული ფინანსური პირობებისა და შეზღუდული ფისკალური სივრცის გათვალისწინებით, მთავრობებს დასჭირდებათ ხარჯვის პრიორიტეტების ხელახლა განსაზღვრა მოწყვლადი მოსახლეობისთვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად",- აცხადებენ მსოფლიო ბანკში.
რეგიონული ხედვები
აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნები: პროგნოზის მიხედვით, 2022 წელს ეკონომიკური ზრდა რეგიონში 4.4%-მდე შემცირდება სანამ 2023 წელს 5.2%-ს მიაღწევს.
ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები: რეგიონის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 2.9%-ით შემცირდება 2022 წელს, სანამ 1.5%-ს მიაღწევს 2023 წელს.
ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2.2%-მდე შემცირდება 2022 წელს და 2.1%-მდე 2023 წელს.
ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები: წელს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის დაჩქარება 5.3%-მდე, სანამ 2023 წელს ადგილი ექნება 3.6%-მდე შენელებას.
სამხრეთ აზიის ქვეყნები: პროგნოზის მიხედვით, რეგიონის ეკონომიკური ზრდა 2022 წელს 6.8%-მდე შენელდება, 2023 წელს კი 5.8%-მდე.