LIVE

მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2,9%-მდე შეამცირა

08 ივნ 202210:13
3 წუთის საკითხავი
clock clock 684
მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2,9%-მდე შეამცირა

მსოფლიო ბანკმა (World Bank) 2022 წლისთვის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კიდევ შეამცირა. ბანკი აცხადებს, რომ მომავალი რამდენიმე წელი საშუალოზე მაღალი ინფლაცია და საშუალოზე დაბალი ზრდა შენარჩუნდება, რაც დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ეკონომიკებისთვის დესტაბილიზაციის საფრთხეს წარმოადგენს.

ვაშინგტონში დაფუძნებულმა კრედიტორმა გლობალური ზრდის პროგნოზი იანვრის 4,1%-დან 2,9%-მდე შეამცირა. შემცირება ენერგიისა და საკვების ფასების ზრდას, უკრაინაში ომის ფონზე მიწოდების შეფერხებებს და გლობალური ცენტრალური ბანკების მიერ რეფინანსირების განაკვეთების გაზრდას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ეკონომიკა 2021-ში 5.7%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც Covid-19-ის პანდემიამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ღრმა გლობალური რეცესია გამოიწვია.

ცენტრალური ბანკები მოსალოდნელზე უარეს ინფლაციას ებრძვიან, რომელიც საქონლის, ენერგიისა და საკვების მიწოდების შეფერხებით არის გამოწვეული. 60-ზე მეტმა მონეტარული ხელისუფლების ორგანომ, მათ შორის ინგლისის ბანკმა და აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა, მიმდინარე წელს რეფინანსირების განაკვეთები გაზარდეს. ევროპის ცენტრალური ბანკი, სავარაუდოდ, განაკვეთის გაზრდას მომდევნო თვეებში დაიწყებს.

მზარდი ინფლაცია და ნელი ზრდა მსოფლიო ბანკის ოფიციალურ პირებს უბიძგებს ვარაუდისკენ, რომ გლობალური ეკონომიკა სტაგფლაციის პერიოდში შედის, რომელიც 1970-იან წლებს მოგვაგონებს. შედეგად, მოსალოდნელზე უფრო მკვეთრი პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლამდე დასაბრუნებლად შესაძლოა ისევ საჭირო გახდეს, რაც მძიმე დაშვებას გამოიწვევს.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, სესხის აღების ხარჯების ზრდამ და გაცვლითი კურსის გაუფასურებამ შესაძლებელია ფინანსური კრიზისი გამოიწვიოს, როგორც ეს 1980-იანი წლების დასაწყისში მოხდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანა მონტეირო