LIVE

ომის დაწყების შემდეგ საქართველოში შემოსვლაზე უარი 65 უკრაინელს ეთქვა - IDFI

28 აპრ 202217:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 1022
ომის დაწყების შემდეგ საქართველოში შემოსვლაზე უარი 65 უკრაინელს ეთქვა - IDFI

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანგარიშის თანახმად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტში, საქართველოში შემოსვლაზე უარი უფრო მეტ უკრაინელს ეთქვა, ვიდრე ბელარუსს. საზღვრის გადმოკვეთის საშუალება არ მისცეს ქვეყანაში შემოსვლის მსურველ 340 რუსს (0,75%), 65 უკრაინელს (0,38%) და 16 ბელარუსს (0,08%). 

65 უკრაინელიდან, 38 მამრობითი, ხოლო 27 მდედრობითი სქესის წარმომადგენელი იყო. ამასთან, ერთ შემთხვევაში უარი ეთქვა არასრულწლოვანს, კერძოდ 7 წლის ბავშვს, ხოლო 3 შემთხვევაში 60 წელს გადაცილებულ პირს. უკრაინის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის ყველაზე მეტი (59) შემთხვევა სადახლოს სასაზღვრო პუნქტზე დაფიქსირდა.

IDFI-ს ანგარიშის მიხედვით, მარტში საქართველოში შემოვიდა 43 152 რუსეთის, 19 898 ბელარუსისა და 16 669 უკრაინის მოქალაქე. ქვეყანაში კი დარჩა (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) უკრაინის 8 151 მოქალაქე, რუსეთის 17 201 მოქალაქე, ხოლო ბელარუსის 14 030 მოქალაქე.

მიმდინარე წლის მარტში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში დარჩენილი (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) რუსეთის მოქალაქეების რიცხვი 559%-ით არის გაზრდილი. ბელარუსის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაჩვენებელი კი 555%-ითაა მომატებული.

„ქვეყანაში რუსეთისა და მისის მოკავშირე ქვეყნის მოქალაქეების დარჩენის მზარდი ტენდენცია სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რაც საჭიროებს შესაბამის ღონისძიებებს მსგავსი რისკების შემცირების კუთხით“, - ვკითხულობთ IDFI-ს ანგარიშში.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა. IDFI-ს ინფორმაციით, სამინისტროს მიერ მიწოდებული მონაცემები არ იძლევა ვიზიტის მიზნობრიობის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. შესაბამისად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოში შემომსვლელთა მხოლოდ რიცხობრივი მაჩვენებლების ტენდენცია, შესაძლებელია, არ იძლეოდეს რეალურ სურათს მომდინარე გამოწვევების შესახებ.