LIVE

პასუხგაუცემელი კითხვები „ბორჯომის“ შეთავაზებაზე

20 მაი 202218:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 925

იურიდიული კომპანია BLB-ის მმართველი პარტნიორი კახა შარაბიძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობისთვის „ბორჯომის“ აქციების უსასყიდლოდ გადაცემის შეთავაზების ბუნდოვანებამ, შესაძლოა, ქვეყნის საინვესტიციო იმიჯი დააზიანოს.

როგორც მან „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში განაცხადა, აქციების ჩუქებას შესაძლოა, ნაციონალიზაციის, ან კონფისკაციის ნიშნები ჰქონდეს.

„ამან შეიძლება, ქვეყნის საინვესტიციო იმიჯი დააზარალოს, რადგან, ამგვარი ბუნდოვანი გარიგება, როცა ბიზნესმენი, სანქცირებული, აქციებს სახელმწიფოს ჩუქნის, ძალიან ფაქიზი თემაა. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს საინვესტიციო იმიჯზე ამ ბუნდოვანებამ და გაურკვევლობამ გავლენა არ იქონიოს“, - აღნიშნა კახა შარაბიძემ.

BLB-ის მმართველი პარტნიორი იმ კითხვებზე საუბრობს, რომლებიც შეთავაზებასთან ერთად გაჩნდა და ჯერჯერობით პასუხგაუცემელია. კახა შარაბიძის განმარტებით, პასუხების არსებობის შემთხვევაში, ცხადი იქნებოდა, თუ რასთან გვაქვს საქმე. ამ ეტაპზე არსებული კითხვები კი შემდეგია:

  • რა ქონებაზეა საუბარი? რისგან შედგება? 
  • შეთავაზება გულისხმობს თუ არა წილს კომპანიაში? რომელი იურისდიქციის წილია?
  • რა იქნება სახელმწიფოს როლი?
  • არის თუ არა საუბარი საკონტროლო პაკეტზე?
  • მოუწევს თუ არა სახელმწიფოს აქტიურად მიიღოს მონაწილეობა კომპანიის მენეჯმენტში?
  • სანქციები პირდაპირ აფერხებდა კომპანიის საქმიანობას, თუ ეს ეხებოდა მხოლოდ სანქცირებული პირის წილს და პირდაპირი გავლენა არ ჰქონდა კომპანიის მუშაობაზე? ხელოვნურად ხომ არ ხდება იმის წარმოჩენა, რომ სანქციები, თითქოს, პირდაპირ კომპანიას ურტყამს?
  • პირდაპირ აისახება თუ არა კომპანიის საბანკო ანგარიშებზე სანქცირებული პირის სანქცირების რეჟიმი? 

„ბორჯომთან დაკავშირებით სენტიმენტები ყველა ქართველს გააჩნია. ალბათ, ხალხს სიხარულს ჰგვრის, რომ ის საქართველოს უბრუნდება, მაგრამ დიდი ბიზნესი დაცლილია ემოციებისგან და ვფიქრობ, ახლა, ემოციები გვერდზე უნდა გავწიოთ. ამ ტიპის გარიგება როცა ხდება, სახელმწიფოსათვის კერძო ქონების ჩუქება, განვლილ პერიოდში ძალიან ცუდი პრაქტიკა გვქონდა. გვახსოვს, ეს მასობრივი აქტები იყო და ძალიან ბევრი ბიზნესმენი ჩუქნიდა ქონებას სახელმწიფოს. ამის უკან ყოველთვის რაღაც იმალებოდა ხოლმე, ამიტომ პირველი კითხვა, რაც ამ შეთავაზების ირგვლივ ჩნდება, შემდეგია: ხომ არ არის ამის უკან რაიმე დამალული? გამჭვირვალობა ერთ-ერთი სწორი გამოსავალია, რომ ის დადებითი ემოციები, რომელიც საზოგადოებაში გაჩნდა, გამართლდეს. თუ ეს არ მოხდება, და არ გვეცოდინება, რატომ ხდება შეთავაზება, ძალიან რთული იქნება გარიგებისთვის დადებითი სახის შენარჩუნება“, - განაცხადა კახა შარაბიძემ. 

შეგახსენებთ, IDS BORJOMI International-მა მისი მაკონტროლებელი კომპანიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის, აქციების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე, ოფიციალური შეთავაზების წარდგენა დააანონსა.

ეკონომიკის სამინისტრომ დაადასტურა, რომ კომპანიისგან შეთავაზება მიიღო. უწყების ინფორმაციით, დაიწყო შესწავლა, საკითხი დასკვნისთვის ასევე გადაეგზავნა იუსტიციის სამინისტროს და გადაწყვეტილება მხოლოდ შესწავლის შემდეგ გასაჯაროვდება.

მინერალური წყლების მწარმოებელმა კომპანია „IDS ბორჯომმა“ 29 აპრილიდან წარმოება დროებით შეაჩერა. კომპანიამ გადაწყვეტილების მიზეზად ომის გამო პროდუქციის რეალიზაციის გართულება და ასევე, საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა დაასახელა.

„IDS ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტი Alfa Group-მა 2013 წელს იყიდა. Alfa Group-ის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანია