LIVE

რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით ევროკავშირმა ორბანთან ზარი გადადო

10 მაი 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 736
რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით ევროკავშირმა ორბანთან ზარი გადადო

რუსული ნავთობის აკრძალვასთან დაკავშირებით, ევროკავშირისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის სატელეფონო ზარი გადაიდო. 

ბლოკის სპიკერმა მიზეზის დასახელების გარეშე განმარტა, რომ ორბანს, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენსა და უნგრეთის მეზობელი ქვეყნების ლიდერებს შორის ვიდეო ზარი დღეს აღარ გაიმართება. 

ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტით გათვალისწინებულია მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში რუსული ნედლი ნავთობის იმპორტის აკრძალვა, თუმცა უნგრეთი იმუქრება, რომ სანქციებს ვეტოს დაადებს.

ორბანმა და ფონ დერ ლაიენმა საკითხზე გუშინ ისაუბრეს, მაგრამ ორივე მხარის თქმით, გარკვეული პროგრესის მიუხედავად, მნიშვნელოვან გარღვევას ვერ მიაღწიეს.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიჯარტოს თქმით, ევროკავშირის მხრიდან დაჩქარება "ხელოვნურია", რადგან აკრძალვის ძალაში შესვლას ექვსიდან რვა თვემდე დასჭირდება. 

დღესვე ვიქტორ ორბანს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ესაუბრა.

უნგრეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსული ენერგეტიკის წინააღმდეგ სანქციებს ხელს არ მოაწერს. მიმდინარე თვის დასაწყისში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობის უფროსმა თქვა, რომ უნგრეთი ნებისმიერ ევროპულ წინადადებას, რომელიც რუსეთიდან ენერგიის იმპორტის შეზღუდვას გამოიწვევს, ვეტოს დაადებს.

ორბანის მთავრობა დათანხმდა რუსეთს, რომ გაზისთვის რუბლებში გადაუხადოს, რაც ევროკავშირის სანქციების პოლიტიკას გამოცდის წინაშე აყენებს. რუსეთმა პოლონეთსა და ბულგარეთში გაზის მიწოდება უკვე შეწყვიტა, რაც ასევე რუბლში გადაუხდელობას უკავშირდებოდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ზოლტან საიმონი და ჯონ ფოლენი