LIVE

უნგრეთი და სლოვაკეთი რუსულ ნავთობზე ევროკავშირის ემბარგოს, სავარაუდოდ, არ შეუერთდებიან

02 მაი 202221:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 889
უნგრეთი და სლოვაკეთი რუსულ ნავთობზე ევროკავშირის ემბარგოს, სავარაუდოდ, არ შეუერთდებიან

ევროკომისია, სავარაუდოდ, ხვალ დაასრულებს მუშაობას რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტზე, რომელიც მოიცავს რუსული ნავთობის ყიდვის აკრძალვას. 

Reuters ევროკავშირის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ შესაძლოა, ბლოკმა უნგრეთის და სლოვაკეთის შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვას, რამდენადაც ეს ქვეყნები მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები რუსულ ნავთობზე. ერთ-ერთ ვერსიად ასევე განიხილება ამ ქვეყნებისთვის საწვავის აკრძალვამდე ხანგრძლივი გარდამავალი პერიოდის დაწესება. 

უნგრეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსული ენერგეტიკის წინააღმდეგ სანქციებს ხელს არ მოაწერს. სლოვაკეთი ასევე მიეკუთვნება ევროკავშირის იმ ქვეყნებს, რომლისთვისაც რუსული წიაღისეული საწვავი ყველაზე მნიშვნელოვანია. 

ნავთობის ემბარგო, სავარაუდოდ, ეტაპობრივად ამოქმედდება და აკრძალვა ძალაში სრულად მხოლოდ მომავალი წლის დასაწყისიდან შევა. რუსეთის ნედლეულისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის თითქმის ნახევარი ევროპაში შედის. ევროკავშირში იმპორტირებული ნავთობის 26%-ზე მეტი რუსულია. 

საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს სლოვაკეთმა და უნგრეთმა, რომლებიც სამხრეთ მარშრუტის "დრუჟბას" მილსადენით მარაგდებიან, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების 96% და 58% რუსეთიდან მიიღეს.

საწვავი მოსკოვის შემოსავლის უზარმაზარი წყაროა. კვლევითი ორგანიზაციის "ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის" თანახმად, 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთს თითქმის 20 მილიარდი ევრო გადაუხადეს. 

გერმანია, რომელიც ევროკავშირში რუსული ნავთობის უმსხვილესი მყიდველია, აცხადებს, რომ რუსული ნავთობის ემბარგოს "მართვა" შეუძლია. გერმანიამ 2021 წელს ნედლი ნავთობის 35% რუსეთიდან შეიტანა, მაგრამ ბოლო კვირების განმავლობაში ეს მაჩვენებელი 12%-მდე ჩამოიყვანა. გერმანია ასევე შეუერთდა ევროკავშირის ემბარგოს რუსულ ნახშირზე და აფართოებს LNG სიმძლავრეს, იმისათვის, რომ შეამციროს გაზზე დამოკიდებულება. 

ევროკავშირის სანქციების პაკეტი ევროკავშირის მთავრობების ელჩებს მიმდინარე კვირის ოთხშაბათს წარედგინება.