LIVE

ფრიდმანი Alfa Bank-ის და LetterOne-ის წილებს იშორებს - რუსი ოლიგარქების გარიგებები

06 მაი 202212:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 986
ფრიდმანი Alfa Bank-ის და LetterOne-ის წილებს იშორებს - რუსი ოლიგარქების გარიგებები
წყარო: Lior Mizrahi/Getty Images
მიხაილ ფრიდმანი

ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რუსი მილიარდერების სამყაროში ანდრეი კოსოგოვი ხელში ამხელა ძალაუფლებას ჩაიგდებდა. 

ის დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა უფრო ცნობილი და მდიდარი ოლიგარქების: მიხაილ ფრიდმანისა და პეტრ ავენის სანდო პარტნიორად. ამ დროის განმავლობაში ის ინარჩუნებდა დაბალ პროფილს. კოლეგებისგან განსხვავებით, მის სახელს არ უკავშირდება ლონდონში მდიდრული უძრავი ქონება და დასავლური საქველმოქმედო ფონდები.

მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც რუსი მილიარდერები გერმან ხანი და ალექსეი კუზმიჩევი Alfa Bank-ის აქციონერები აღარ არიან, 61 წლის კოსოგოვს Alfa-Bank-სა და LetterOne-ში უფრო დიდი წილი აქვს, ვიდრე კომპანიების დამფუძნებელ ფრიდმანს. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მისი ქონება დაახლოებით $4,2 მილიარდს შეადგენს.

გარე დამკვირვებლებისთვის ამოუხსნელი არ არის, თუ როგორ დააგროვა კოსოგოვმა უდიდესი ნაწილი გლობალური ბიზნეს იმპერიაში, რომელსაც რამდენიმე კვირაში $30 მილიარდზე მეტი წმინდა აქტივები აქვს: ზემოთ ხსენებული ოთხი მილიარდერისგან განსხვავებით, ის დასავლური მთავრობის მიერ სანქცირებული არ არის. 

ამ დრომდე უპასუხოდ რჩება შეკითხვა, თუ რამდენად შენარჩუნდება ეს პირობები, თუ უკრაინაში რუსეთის აგრესია დასრულდება და მთავრობები სანქციებს გააუქმებენ.

სანქცირებული კომპანიების სიაში არც LetterOne მოხვდა. საინვესტიციო ფირმა კაპიტალთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ სანქციებთან შედარებით, ისინი კომპანიას ნაკლებ საფრთხეს უქმნიან. 

ეს დასავლეთის მთავრობების მიერ პუტინთან დაახლოებული უმდიდრესი რუსების დევნის ნათელი მაგალითია. მრავალი აქტივის გაყინვისა და მოგზაურობის აკრძალვის შემდეგ, შემდეგი გამოწვევა მათი შესრულებაა. სასწორზე დიდ ბრიტანეთში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში არსებული მილიარდობით დოლარის ქონება დევს. 

მოვლენების შემობრუნება

კოსოგოვის შემთხვევაში, ბიზნესმენისთვის მოვლენები სასიკეთოდ განვითარდა. სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ ის LetterOne-ისა და ABH-ის, Alfa-Bank-ის მშობელი კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე პატარა და ნაკლებად ცნობილი აქციონერი იყო. მან ორივე ფირმის გამგეობა დატოვა.

მიუხედავად ამისა, ის LetterOne-ის საკონტროლო წილის მოპოვებასთან ახლოსაა. საკითხთან დაკავშირებული ადამიანების თქმით, კოსოგოვს არასდროს უთამაშია აქტიური როლი კომპანიის მართვასა და მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში. მათ ის კომპანიის ლონდონის ოფისებშიც კი არ ახსოვთ. 

Alfa-Bank-მა 15 მარტს განაცხადა, რომ ხანმა და კუზმიჩევმა რუსეთის უმსხვილეს კერძო ბანკში თავიანთი წილები დათმეს. იმავე დღეს ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ მათ სანქციები დაუწესეს. საკითხში გარკვეული პირის ინფორმაციით, მილიარდერებმა სანქციების დაწესებამდე LetterOne-ის აქციებიც სხვას გადასცეს. 

რადგან ფრიდმანი და ავენი სანქცირებული არიან, კოსოგოვი აღმოჩნდა ერთადერთი ინდივიდუალური აქციონერი, რომლის აქტივები ABH-სა და LetterOne-ში გაყინვას გადაურჩა და არც მოგზაურობის შეზღუდვა შეეხო. 

კონტროლი "დეკორაციიდან"

ანალიტიკოსების თქმით, უჭირთ წარმოდგენა, რომ ფრიდმანი თმობს კონტროლს Alfa-Bank-ზე, თავისი სიმდიდრის მთავარ წყაროზე. 

"Alfa-Bank-ი ფრიდმანის იმპერიის გასაღებია",- ამბობს ამჟამად ბალტიმორის უნივერსიტეტის მეწარმეობის პროფესორი დევიდ ლინგელბახი, რომელიც 90-იან წლებში მასთან მუშაობდა. 

მისი ვარაუდით, კოსოგოვი შეიძლება ოლიგარქისთვის გავლენის შესანარჩუნებელი "დეკორაცია" იყოს. 

საბჭოთა პერიოდის ესტონეთში დაბადებულმა კოსოგოვმა ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის დროს დაიწყო ფულის შოვნის გზების ძიება და ზაფხულის არდადეგებზე საბჭოთა კავშირის მასშტაბით სამშენებლო ობიექტებზე მუშად მუშაობდა.

"იმ დროს ფულის გამომუშავების სხვა შანსი პრაქტიკულად არ არსებობდა", - იხსენებს მილიარდერი. 

უკრაინასთან შერწყმა 

კოსოგოვი თავიდანვე იყო ასოცირებული Alfa Group-თან, რომელიც ფრიდმანმა, ხანმა და კუზმიჩევმა 1990 წელს თავიანთი ინვესტიციების მეთვალყურეობისთვის დააფუძნეს. 

1998 წელს ის Alfa-Bank-ის თავმჯდომარის მოადგილე გახდა და მის საინვესტიციო-საბანკო ერთეულს მართავდა.

ის ასევე დაეხმარა 2000 წელს უკრაინული ბანკისა და საბროკერო შვილობილი კომპანიების შერწყმაში, რათა ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო ჯგუფი შექმნილიყო, მოგვიანებით კი ჩაერთო კომპანიის ზედამხედველობაში, როგორც უკრაინის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

2007 წლის ბოლოს კოსოგოვს Alfa-Bank-ში 4%-იანი წილი ჰქონდა. Alfa-Bank-ის მშობელ კომპანიაში კოსოგოვს ახლა 41% უკავია. ამჟამად ის აკონტროლებს LetterOne-ის 47.2%-ს, რაც აღემატება ფრიდმანის გაყინულ წილს - 37.9%-ს. 

მიუხედავად იმისა, რომ კოსოგოვი სანქცირებული არ არის, მისი სახელი, სხვა რუს მილიარდერებთან ერთად, მარტის დასაწყისიდან გაქრა LetterOne-ის ვებსაიტიდან.

LetterOne-ის დამფუძნებლებმა დატოვეს კომპანიაში დაკავებული თანამდებობები და გეგმავენ სამომავლო დივიდენდები უკრაინის ომში დაზარალებულებს მოახმარონ. მათ ასევე ცოტა ხნის წინ დატოვეს ABH-ის დირექტორთა საბჭო.

"მე და ჩემი პარტნიორები ვემხრობით ომის ადრეულ დასრულებას. ყველაფერს გავაკეთებთ დაზარალებულთა დასახმარებლად", - თქვა ხანმა მარტში გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მიხაილ ფრიდმანის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში მოქმედი რამდენიმე კომპანია. 2013 წლიდან ფრიდმანის მიერ დაფუძნებული Alfa Group-ის საკუთრებაშია „IDS ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტი. რუსი ოლიგარქისთვის დაწესებული სანქციების გამო კომპანიას უკვე აქვს ფინანსური პრობლემები და წარმოება დროებით შეაჩერა

ამასთან, „ვიონ ჯგუფის” აქციების 47.9% სანქცირებული რუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის დაფუძნებული კომპანია LetterOne-ის საკუთრებაშია. „ვიონ ჯგუფში" შედის „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი). 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ბენჯამინ სტეპლსი და უილ ლუჩი