
რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, უკრაინიდან ექსპორტი შეჩერებულია. უკრაინის პორტებში თითქმის 4,5 მილიონი ტონა მარცვლეული ბლოკირებულია. ამის შესახებ Ukrinform-ი RFE/RL-ზე დაყრდნობით წერს.
გაეროს "სურსათის მსოფლიო პროგრამის" წარმომადგენლის, მარტინ ფრიკის განცხადებით, ომამდე უკრაინა მსოფლიოში ხორბლის ექსპორტიორებსა და სიმინდის მწარმოებლებში მოწინავე ადგილზე იყო. გაეროს მონაცემებით, ბევრი ქვეყანა უკრაინული ხორბლის მარაგზეა დამოკიდებული.
"შიმშილი არ უნდა იქცეს იარაღად", - თქვა ფრიკმა. მისი განცხადებით, აუცილებელია სხვა ქვეყნებისთვის აღდგეს უკრაინული საკვების მიწოდება, რათა გლობალური სასურსათო კრიზისი შემსუბუქდეს.
დასავლეთის მთავრობებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი რიგ ქვეყნებში სასურსათო კრიზისსა და შიმშილის საფრთხეს ზრდის. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანახმად, მარტში სურსათის ფასები 12%-ზე მეტით გაიზარდა, რაც 1990 წლიდან რეკორდული მაჩვენებელია.
გაეროს გლობალური განვითარების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანალიზის მიხედვით, ფასების ზრდა დამატებით 40 მილიონ ადამიანს უკიდურესი სიღარიბის მიღმა მოაქცევს.
ფასების ზრდა და მიწოდების შეფერხება საფრთხეს უქმნის სურსათის უსაფრთხოებას ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და აზიაში, სადაც მოსახლეობა მუდმივად არასრულფასოვნად იკვებება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვენდი შერმანმა ერთი თვის წინ განაცხადა, რომ რუსეთის საზღვაო ძალები უკრაინის პორტებთან მისასვლელს ბლოკავს, კიევს მარცვლეულის ექსპორტის შესაძლებლობას ართმევს და ხელს უშლის 94 გემს, რომელსაც საკვები გადააქვს.