LIVE

ომით გამოწვეული მიწოდების პრობლემის გამო, სურსათი რეკორდულად ძვირდება

08 აპრ 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 822
ომით გამოწვეული მიწოდების პრობლემის გამო, სურსათი რეკორდულად ძვირდება
Bloomberg

უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული მიწოდების შეფერხების გამო, მსოფლიოში სურსათის ფასები რეკორდული ტემპით იზრდება და გლობალური შიმშილის კრიზისი ღრმავდება. 

ომმა დააზიანა მიწოდების ხაზები შავი ზღვის რეგიონში, რომელიც მარცვლეულის ძირითადი მწარმოებელი რეგიონია, ასევე შეაჩერა გლობალური ვაჭრობის ნაკადები და გაამწვავა შიში, რომ პროდუქტები, როგორიცაა ხორბალი და ზეთი, დეფიციტური გახდება. შედეგად, ისედაც მზარდი ფასები რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მსოფლიო ხარჯების ინდექსმა გასულ თვეში კიდევ თითქმის 13%-ით მოიმატა. 

უკრაინის პორტები დაკეტილია და ბევრი გემი გაურბის რეგიონს, რომელზეც მარცვლეულის ვაჭრობის დაახლოებით მეოთხედი მოდის. უკრაინაში, მზესუმზირას ზეთის მთავარი ექსპორტიორ ქვეყანაში, მოსალოდნელია, რომ მკვეთრად შემცირდება ნათესები. ქვეყანას არსებული მარაგის ექსპორტიც უჭირს. 

გაეროს მიხედვით, უკრაინაში ხორბლის გადაზიდვები 5 მილიონი ტონით შემცირდება, ხოლო სიმინდი, წინასწარი შეფასებით, 12,5 მილიონი ტონით. სატვირთო და ფინანსური გამოწვევები ასევე აზიანებს რუსულ გაყიდვებს.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ვარაუდობს, რომ ომის დაწყებამდე დათესილი ხორბლის 20%-ის  მიღებას უკრაინა სხვადასხვა მიზეზით ვერ შეძლებს. 

მსოფლიოს სხვა ადგილებში ენერგიისა და სასუქების გაძვირება ზრდის საკვების წარმოების ხარჯებს.

სურსათის ფასების ზრდა ყველაზე მეტად იგრძნობა ღარიბ ქვეყნებში, სადაც მოქალაქეები ბიუჯეტის დიდ ნაწილს სასურსათო პროდუქტებზე ხარჯავენ. 

მზარდი ხარჯები ზოგიერთ ქვეყანას იძულებულს ხდის, შეაჩეროს იმპორტი, მოიძიოს ახალი მომწოდებლები ან შეამციროს ადგილობრივი მარაგები. თუმცა ანალიტიკოსების შეფასებით, ეს გრძელვადიან პერიოდში ეს ვერ იქნება გამოსავალი. FAO-ს ეკონომისტის, ერინ კოლიერის თქმით, ეს ზომები მოთხოვნის დროებით შეკავებას ნიშნავს. 

FAO-ს გლობალური ფასების მაჩვენებელი 2020 წლის შუა პერიოდის შემდეგ დაახლოებით 75%-ით გაიზარდა, რამაც ხელი შეუწყო გლობალურ სასურსათო კრიზისს. გასულის თვის მონაცემებით, ფასები ზედიზედ შვიდი კვარტლის განმავლობაში იზრდება, რაც 2008 წლის შემდეგ, ზრდის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია. 

გაეროს პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ფასები კიდევ უფრო გაიზრდება. გლობალური განვითარების ცენტრის მიერ გასულ თვეში გამოქვეყნებული ანალიზის მიხედვით, ფასების ზრდა დამატებით 40 მილიონ ადამიანს უკიდურესი სიღარიბის მიღმა მოაქცევს

უკრაინის ომით გამოწვეული პრობლემების გარდა, მსოფლიოში ფერმერებს ამინდით და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ მოვლენებთან გამკლავება უწევთ. 

ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე გვალვის შედეგად, აფრიკის ქვეყნებში მილიონობით პირუტყვი კვდება, გლობალური დათბობა კი ამცირებს საკვებს რიგ ადგილებში, მაგალითად, ავღანეთში.

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გასულ წელთან შედარებით, საქართველოში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 17.8%-ით გაიზარდა

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მეგან დურისინი