LIVE

უნგრეთი რუსული გაზის საფასურის რუბლში კონვერტაციაზე თანახმაა

28 აპრ 202214:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 558
უნგრეთი რუსული გაზის საფასურის რუბლში კონვერტაციაზე თანახმაა

უნგრეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც რუსეთთან შეთანხმდნენ, რომ მათ მიერ გადახდილი საფასური რუბლში დაკონვერტირდება, რაც ევროკავშირის სანქციების პოლიტიკას საფრთხის წინაშე აყენებს. 

"უნგრეთი, სხვა ცხრა ქვეყანასთან ერთად, ევროკავშირის სანქციების პოლიტიკის სრული შესაბამისობით, Gazprombank-ში იხდის ევროს, რომელსაც Gazprombank-ი რუბლებში გადაიტანს", - განაცხადა უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელმა, გერგელი გულიასმა

უნგრეთი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსულ ენერგეტიკაზე ერთ-ერთი ყველაზე დამოკიდებული ქვეყანაა, ამტკიცებს, რომ რუსული ბუნებრივი აირის "ალტერნატივა" არ არსებობს, რუსული ნედლი ნავთობის გარეშე მუშაობა კი "უკიდურესად ძვირი" დაჯდება.  

უნგრეთის უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანია Mol-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის, ზოლტ ჰერნადის განცხადებით, მათი გადამამუშავებელი ქარხნები შექმნილია რუსული ურალის ნედლი ნავთობის გადასამუშავებლად. ობიექტების გადაკეთებას ორი-ოთხი წელი და $500-700 მილიონამდე თანხა დასჭირდება.

„ან ვყიდულობთ ბუნებრივ გაზს და ნედლ ნავთობს, ან არ არის საწვავი, არ არის გათბობა და შეჩერებულია ეკონომიკა“, - თქვა გულიასმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპული კომპანიები გააფრთხილა, არ დაემორჩილონ რუსეთის მოთხოვნას გაზის საფასურის რუბლებში გადახდის შესახებ. 

Bloomberg-ის ინფორმაციით, გაზის ოთხმა ევროპელმა მყიდველმა უკვე გადაიხადა რუსული გაზის მიწოდების საფასური რუბლში. სავარაუდოდ, თუ სხვები უარს იტყვიან კრემლის მოთხოვნის შესრულებაზე, მაისის მეორე ნახევრამდე, რუსეთი მიწოდებას შეწყვეტს.

რუსეთი გაზს ევროპის 23 ქვეყანას აწვდის.

Bloomberg-ის წყაროს ცნობით, ათმა ევროპულმა კომპანიამ გახსნა ანგარიშები Gazprombank-ში, რაც საჭიროა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რუბლში გადახდისთვის. ოფიციალურად პირობას დათანხმდა და რუბლში გადახდა დაიწყო სომხეთმა.

გაზის საფასურის რუბლებში გადაუხდელობის გამო, რუსულმა Gazprom-მა ბულგარეთსა და პოლონეთს გაზის მიწოდება გუშინ უკვე შეუჩერა

გაზის საფასურის რუბლში გადახდა ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაა. მისი თქმით, რუბლებზე გადასვლა ხელს შეუწყობს გაზიდან მიღებული უზარმაზარი შემოსავლების სანქციებისგან და დაყადაღებისგან დაცვას. ამ ნაბიჯის კიდევ ერთი მიზანი Gazprombank-ის სანქციებისგან დაცვაა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: მარტონ კასნიკი და ვერონიკა გულიასი