LIVE

Bloomberg - იტალია გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე უარს ამბობს

20 აპრ 202212:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 600
Bloomberg - იტალია გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე უარს ამბობს
Dmitry Lovetsky/Copyright 2019 The Associated Press

Bloomberg-ის ინფორმაციით, იტალია უარს იტყვის მოსკოვის მიერ მოთხოვნილი გაზის საფასურის გადახდის ახალი პირობების შესრულებაზე, თუ ევროკავშირი დაასკვნის, რომ ეს დაწესებულ სანქციებს დაარღვევს. საუბარია ბუნებრივი აირის საფასურის რუსულ რუბლში გადახდაზე.

პუტინის 31 მარტის განკარგულების თანახმად, გაზის ევროპელმა მყიდველებმა უნდა გახსნან ორი ანგარიში, ერთი უცხოურ ვალუტაში და ერთი რუბლში. Gazprombank-ი პასუხისმგებელი იქნება უცხოური ვალუტის რუბლებში კონვერტაციაზე და შემდგომ ამ თანხის Gazprom-ისთვის გადახდაზე. ევროპის მთავრობები და კომპანიები ჯერ კიდევ იკვლევენ, თუ რას ნიშნავს ეს დადგენილება საოპერაციო დონეზე. 

წინასწარი შეფასებით, ევროკავშირმა დაასკვნა, რომ კრემლის გადახდების პირობები არღვევს ბლოკის სანქციებს. წინასწარი შეფასების თანახმად, ახალი პროცესი ტოტალურ კონტროლს გადასცემს რუსეთს ცენტრალური ბანკის მეშვეობით, თუ როდის დასრულდება ტრანზაქცია და რა მომენტში გათავისუფლდება მყიდველი ვალდებულებისაგან. ეს ასევე მისცემს რუსეთს კონტროლს მოქმედ გაცვლით კურსზე, რომლითაც მოსკოვს მანიპულირება შეუძლია.

იტალიის მთავრობა ელოდება ბრიუსელს, რათა დაასრულოს წინადადების სამართლებრივი განხილვა, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს. 

პუტინის წინადადებას დათანხმდა და გაზის საფასურს რუბლში იხდის სომხეთი. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ვაგან კერობიანმა განაცხადა. რუსეთის პირობა არ მიიღო უნგრეთმა და ქვეყანა გააგრძელებს ბუნებრივი გაზის იმპორტის ევროში გადახდას, რითაც დასრულდა რამდენიმედღიანი განხილვა იმის შესახებ, რომ შესაძლოა, უნგრეთმა რესურსი რუბლში იყიდოს.

ევროკავშირი გაზის 40%-ს რუსეთიდან იღებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია