ევროკავშირმა გააფრთხილა წევრი ქვეყნები, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოთხოვნა “არამეგობრული ქვეყნების” მიერ გაზის საფასურის რუბლით გადახდის შესახებ, დაარღვევს არსებულ სანქციებს, რომლებიც ბლოკმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ დააწესა.
Bloomberg-ის წყაროს თანახმად, ევროკომისიამ წევრ ქვეყნებს პუტინის განკარგულების ანალიზი წარუდგინა. კომისიის შეფასება ზრდის ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების რისკებს მას შემდეგ, რაც პუტინი მყიდველებს გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა.
პუტინის 31 მარტის განკარგულების თანახმად, გაზის ევროპელმა მყიდველებმა უნდა გახსნან ორი ანგარიში, ერთი უცხოურ ვალუტაში და ერთი რუბლში. Gazprombank-ი პასუხისმგებელი იქნება უცხოური ვალუტის რუბლებში კონვერტაციაზე და შემდგომ ამ თანხის Gazprom-ისთვის გადახდაზე. ევროპის მთავრობები და კომპანიები ჯერ კიდევ იკვლევენ, თუ რას ნიშნავს ეს დადგენილება საოპერაციო დონეზე.
ევროკომისიის წინასწარი სამართლებრივი ანალიზის თანახმად, პუტინის ბრძანებულება არსებითად ცვლის პროცედურებს და ახალ სამართლებრივ გარემოს ქმნის.
ახალი პროცესი ტოტალურ კონტროლს გადასცემს რუსეთის ცენტრალური ბანკის მეშვეობით, თუ როდის დასრულდება ტრანზაქცია და რა მომენტში გათავისუფლდება მყიდველი ვალდებულებისაგან. ეს ასევე მისცემს რუსეთს კონტროლს მოქმედ გაცვლით კურსზე, რომლითაც მოსკოვს მანიპულირება შეუძლია.
ანალიზის თანახმად, პუტინის მეთოდს შეუძლია მყიდველებისთვის ახალი ხარჯები წარმოშვას, რადგან ტრანზაქციას მთლიანად რუსეთი გააკონტროლებს.
რაც მთავარია, მექანიზმი არღვევს შემაკავებელ ზომებს, რომლებიც ევროკავშირმა მოსკოვის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ მიიღო. პროცესმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ფულადი ბაზრის სხვადასხვა ინსტრუმენტებზე, რომლებიც შეიძლება გაცემული იყოს Gazprombank-ის მიერ.
წევრი ქვეყნების უმეტესობამ განაცხადა, რომ არ გადაიხდის გაზის საფასურს რუბლით. კომისიამ არაერთხელ განაცხადა, რომ შეთანხმებული კონტრაქტები დაცული უნდა იყოს, რაც პირდაპირ ითვალისწინებს გადახდას ევროში ან დოლარში და ბლოკი უპასუხებს რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ მცდელობას.
გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორ გადაიხდიან წევრი ქვეყნები მიწოდების საფასურს, საბოლოოდ უნდა მიიღონ კომპანიებმა, რომლებიც გაზს რუსეთიდან ყიდულობენ და უნდა დაიცვან ყველა მოქმედი შემაკავებელი ზომა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალბერტო ნარდელი