LIVE

საქართველოს შეუძლია, ყაზახეთიდან ახალი ტვირთები მოიზიდოს - გიორგი ჯახუტაშვილი

08 აპრ 202216:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1740

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარის გიორგი ჯახუტაშვილის განცხადებით, გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს აქვს შანსი, ყაზახეთიდან ახალი ტვირთები მოიზიდოს. 

„იმისათვის, რომ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა განვითარდეს, ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დახვეწა და ზოგადად სატრანსპორტო მიმართულების განვითარება. სამწუხაროდ, დღეს სრულყოფილად მზად არ ვართ, მათ შორის ინფრასტრუქტურით, თუმცა არც ყაზახეთს ჰქონდა მანამდე დიდი ინტერესი ამ მიმართულების განვითარების. ახლა კი თავადაც გააქტიურებულები არიან, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ მოკლე დროში მოვიზიდოთ აქამდე არ გატარებული ტვირთი და სამომავლოდ შევინარჩუნოთ ის კრიტიკული რაოდენობა, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ინფრასტრუქტურა გავმართოთ“, - აღნიშნა ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარემ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში. 

გიორგი ჯახუტაშვილის განცხადებით, საქართველოს შეუძლია მოიზიდოს როგორც სანავთობო, ისე ნაყარი ტვირთები.

„საუბარი არ არის მხოლოდ ნავთობპროდუქტებზე. მე ვსაუბრობ ისეთ ნაყარ ტვირთებზე, როგორიცაა: მარცვლეული, ჯართი, ნახშირი და სხვა. ასევე დიდი მოცულობის საკონტეინერო გადაზიდვები, რომელიც მაგალითად, რუსეთის გავლით მიდიოდა და ახლა შავი ზღვის მიმართულებით ალტერნატივას ეძებს. სარკინიგზო გადაზიდვების გაძლიერება და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საპორტო და სატერმინალო ინფრასტრუქტურა, ძალიან კრიტიკული და მნიშვნელოვანია“, - აცხადებს გიორგი ჯახუტაშვილი.  

ცნობისთვის, საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ყაზახეთს შორის ხელი მოეწერა ოთხმხრივი დეკლარაციას „ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის“ შესახებ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ყაზახეთთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები, რათა საქართველოს სატრანსპორტო კორიდორში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დამატებითი მოცულობების გადაზიდვა დაიწყოს. საუბარია, 2022-2023 წლებში დაახლოებით 2 მლნ ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბათუმის ნავთობტერმინალის გავლით ტრანსპორტირებაზე.