LIVE

რუბლი ომამდელ დონეს დაუბრუნდა - ექსპერტებს აღდგენის მნიშვნელობაში ეჭვი შეაქვთ

07 აპრ 202214:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 6327
რუბლი ომამდელ დონეს დაუბრუნდა - ექსპერტებს აღდგენის მნიშვნელობაში ეჭვი შეაქვთ

უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რუბლის კოლაფსი რუსეთის ფინანსური იზოლაციის ძლიერი სიმბოლო გახდა.

ვლადიმერ პუტინის რეჟიმისთვის დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა ვალუტა დოლართან მიმართებით რეკორდულ მინიმუმამდე გააუფასურა და ერთი დოლარი 121.5 რუბლად ივაჭრებოდა. რუბლის განადგურებამ რუსეთის 1998 წლის ფინანსური კრიზისის შესახებ მოგონებები გამოაღვიძა.

სიტუაცია იმდენად ცუდად გამოიყურებოდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუბლს ინგლისური სიტყვა “rubble” უწოდა, რაც ნანგრევებს ნიშნავს.

თუმცა, რუბლი ახლა ნანგრევებივით აღარ გამოიყურება. ვალუტა იმ დონეს დაუბრუნდა, რომელზეც პუტინის უკრაინაში შეჭრამდე იყო. მოსკოვში რუბლი ოთხშაბათს 79.7-ზე დაიხურა.

რაც ნათელი გახდა არის ის, რომ სანქციების ფართო პაკეტი, რომელიც რუსეთის მთავრობას და მის ოლიგარქებს დაუწესდათ, ასევე ქვეყნის ბაზრიდან საერთაშორისო კომპანიების მასობრივი გასვლა, უშედეგოა, თუ მსოფლიო რუსული გაზისა და ნავთობის შთანთქმას გააგრძელებს. საბოლოო ჯამში, ეს პუტინის ხაზინის შევსებით რუბლის გაძლიერებას უჭერს მხარს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი გლობალური ეკონომიკისგან ძირითადად ისევ იზოლირებულია, Bloomberg Economics-ის პროგნოზით ქვეყანა ენერგიის ექსპორტით მიმდინარე წელს $321 მილიარდს მიიღებს და მაჩვენებელი 2021 წლის შედეგს მესამედით გადააჭარბებს.

რუბლის ძლიერი აღდგენა რუსეთში პუტინის გამარჯვებას ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის სამხედრო ძალები უკრაინაში ტალახში იძირებიან, რუსეთში ხალხი ვალუტის მოძრაობაზე ფოკუსირდება.

აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის სანქციებზე საპასუხოდ, რუსეთმა კაპიტალის კონტროლი გააქტიურა, რაც რუბლს აღდგენაში ეხმარება. ეს გულისხმობს არარეზიდენტი ინვესტორების აქტივების გაყინვას და რუსული კომპანიების მიერ უცხოური ვალუტის რეზერვების 80%-ის რუბლში გადატანას.

კაპიტალის კონტროლის ამ მექანიზმების გამოყენება ზოგიერთ დამკვირვებელს რუბლის აღდგენის მნიშვნელობაში აეჭვებს. აღსანიშნავია, რომ ეს ასევე დეკადის განმავლობაში ყველაზე მსუბუქი სავაჭრო მოცულობის დროს ხდება.

"ეს არ არის თავისუფლად მცურავი ვალუტა, თუ გავითვალისწინებთ ყველა იმ ზომას, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო",- აცხადებს გილერმე ტრესკა, Generali Insurance Asset Management-ის განვითარებადი ბაზრების უფროსი სტრატეგი. იგივე გაიმეორა აშშ-ის ხაზინის მდივანმა, ჯენეტ იელენმა კონგრესის წინაშე.

თუმცა, მაინც რთულია სასიცოცხლო ხაზის იგნორირება, რომელსაც სხვა ერები პუტინს მისი ქვეყნის ნავთობისა და გაზის შესყიდვით აძლევენ. ეს რუსეთის მიმდინარე ანგარიშის პროფიციტს უზრუნველყოფს, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის ექსპორტი მეტია, ვიდრე იმპორტი. ეს კი, თავის მხრივ, რუსულ ვალუტაზე დადებითად მოქმედებს და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეფექტურობას უმცირებს.

რუსეთმა ჯერჯერობით შეძლო ადგილობრივი ბაზრის სტაბილიზაცია და დეფოლტის არიდება. ეს ნიშნავს, რომ თუ პუტინის მოწინააღმდეგე მთავრობებს რუბლის დაზიანება სურთ, კურსის შეცვლა მოუწევთ. მიმდინარე კვირას, აშშ-ს ხაზინამ ქვეყნის ბანკებში რუსული ანგარიშებიდან დოლარში ვალის გადახდა აკრძალა, რაც რუსეთის მიერ ადგილობრივი დოლარის რეზერვების გამოყენების ან დეფოლტის იძულებას ემსახურება.

„რადგან რუსეთის ეკონომიკა და ფინანსური სექტორი ადაპტირდება კაპიტალის კონტროლის, მართული ფასებისა და ეკონომიკური ავტარქიის ახალ წონასწორობასთან, გასაკვირი არ არის, რომ შიდა ბაზრის სტაბილიზაცია ხდება. სანქციები გახდა მოძრავი სამიზნე და საჭიროებს კორექტირებას დროთა განმავლობაში, რომ ეფექტური დარჩეს“,- განაცხადეს Institute of International Finance-ის ეკონომისტებმა, ელინა რიბაკოვამ და ბენჯამინ ჰილგენსტოკმა.

მათ ასევე აღნიშნეს ფინანსური სანქციების მოსალოდნელი გამკაცრება, რაც შესაძლოა SWIFT-დან დამატებითი რუსული ინსტიტუტების გათიშვასაც გულისხმობდეს.

კვლევითი ფირმა Tellimer-ის თქმით, ბაზრებზე ზრდა, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკების ფონზე, სანდო არ არის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სიდნი მაკი