LIVE

რუსეთი ინდოეთს რუბლის გადარიცხვისთვის SWIFT-ის რუსულ ალტერნატივას სთავაზობს

30 მარ 202222:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 2461
რუსეთი ინდოეთს რუბლის გადარიცხვისთვის SWIFT-ის რუსულ ალტერნატივას სთავაზობს

ინდოეთის მთავრობა განიხილავს რუსეთის წინადადებას, ორმხრივი გადახდებისთვის რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ შემუშავებული სისტემა გამოიყენოს. 

საკითხში გარკვეულმა პირებმა Bloomberg-ს უთხრეს, რომ შეთავაზება გულისხმობს რუპია-რუბლის დენომინირებულ გადახდებს შეტყობინებების რუსული სისტემის - SPFS-ის გამოყენებით. სისტემის მეშვეობით, ინდოეთის ბანკში რუპიაში შეტანილი თანხა რუბლში გადამუშავდება და პირიქით. 

წყაროს ინფორმაციით, SPFS-ს გამოყენებასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. საკითხი, სავარაუდოდ, განიხილება ხვალ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ინდოეთში ვიზიტისას. 

რუსეთის ცენტრალური ბანკის ოფიციალური პირები დეტალების განსახილველად, ინდოეთს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ეწვევიან.

კიდევ ერთი წყაროს თქმით, ინდოეთის სარეზერვო ბანკი რეგულარულად ხვდება საბანკო სისტემის აღმასრულებლებს. განსახილველ საკითხებს შორისაა რუსეთთან კონტაქტი და სანქციების რისკი.

Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთს ასევე სურს, რომ ინდოეთმა თავისი ერთიანი გადახდების ინტერფეისი MIR გადახდის სისტემასთან დააკავშიროს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირთან ერთად, შვიდი რუსული ბანკი SWIFT-დან გათიშა. მათ შორისაა სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ბანკები: VTB, Bank Rossiya და Bank Otkritie. ყოვლისმომცველი სანქციების შემდეგ, რუსეთი ვაჭრობის გასაგრძელებლად ალტერნატიულ მექანიზმებს ეძებს. 

ინდოეთმა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა პირდაპირ არ დაგმო, მან მხოლოდ თქვა, რომ ქვეყნებმა საომარი მოქმედებები უნდა დაასრულონ და საკითხი დიალოგით გადაჭრან. ამის გამო, ქვეყანა მოკავშირეების მხრიდან ზეწოლის ქვეშ იმყოფებაისინი ინდოეთს უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უფრო მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ. 

ინდოეთი, რომელიც რუსულ იარაღზეა დამოკიდებული, ცდილობს მასთან ვაჭრობა შეინარჩუნოს. ის ამტკიცებს, რომ იარაღი ჩინეთისგან თავის დასაცავად სჭირდება. გარდა ამისა, მიმდინარე თვეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთი განიხილავს რუსეთის წინადადებას შეღავათიან ფასში ნედლი ნავთობისა და სხვა საქონლის შეძენის შესახებ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: კეტრინ ბარტონი, საბრინა უილმერი და დოუნ ლიმი