LIVE

ავსტრალიის პრემიერი ინდოეთს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

21 მარ 202216:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 770
ავსტრალიის პრემიერი ინდოეთს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

პარტნიორები ინდოეთს უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უფრო მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ. 

"ტრაგიკული დანაკარგი ხაზს უსვამს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მნიშვნელობას. მსგავსად მოაზროვნე ლიბერალური დემოკრატიული ქვეყნების თანამშრომლობა არის გასაღები ღია, ინკლუზიური, გამძლე და აყვავებული ინდო-წყნარი ოკეანისათვის",- თქვა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა დღეს ინდოელ კოლეგასთან, ნარენდრა მოდისთან შეხვედრის დაწყებამდე. 

მოდიმ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ კომენტარი არ გააკეთა. 

მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთმა მხარი დაუჭირა ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის შესახებ მოწოდებებს, მან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხდომაზე რუსეთის აგრესიის დამგმობი რეზოლუციის პროექტების მხარდაჭერისგან თავი შეიკავა.

ავსტრალია, რომელიც უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთს უპირისპირდება, ინდოეთის მეორე პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც გასული რამდენიმე დღის განმავლობაში მისგან მკვეთრი პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვს. 

შაბათ-კვირას იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ ინდოეთს დემოკრატიულ ქვეყნებთან მეტი თანამშრომლობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პუტინის ომმა "გლობალური წესრიგი შეარყია".

მორისონისა და მოდის დღევანდელი შეხვედრა ქვეყნებს შორის უკანასკნელ წლებში გამართული მეორე ვირტუალური სამიტია. ისინი ერთმანეთს დისტანციურად შეხვდნენ 2020 წლის ივნისში, მას შემდეგ რაც პანდემიის გამო, პირისპირ შეხვედრის გადადება მოუხდათ. 

ავსტრალიამ და ინდოეთმა კავშირები ბოლო წლებში, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის შესაძლო აგრესიული მოქმედებების საერთო შეშფოთების ფონზე გააძლიერეს.  

აშშ-სთან და იაპონიასთან ერთად, ინდოეთი და ავსტრალია ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის, იგივე ქუადის (Quad) წევრი ქვეყნებია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: სუდი რანჯან სენი და ბენ ვესტკოტი