LIVE

ევროპაში ბუნებრივი აირი ისევ გაძვირდა

11 მარ 202218:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1447
ევროპაში ბუნებრივი აირი ისევ გაძვირდა
Bloomberg

ევროპაში ბუნებრივი აირი ისევ გაძვირდა. საორიენტაციო ფიუჩერსები 12%-ით გაიზარდა და მეგავატ/საათზე 141,50 ევრო შეადგინა. 

ფასის მატებამდე ევროპულ ბაზარზე 12:00 საათისთვის ვაჭრობა კვირის დასაწყისში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებლის ნახევარზე ნაკლებ ფასად მიმდინარეობდა. კლებას წინ რუსეთის მიერ 200-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტის წლის ბოლომდე აკრძალვა უძღოდა. ამ სიაში არ მოხვდა ენერგია და ნედლეული, რითაც ქვეყანა გლობალურ ვაჭრობაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. 

რუსეთი ევროკავშირის ბუნებრივი აირის უმსხვილესი მიმწოდებელია, რომელზეც იმპორტის დაახლოებით 40% მოდის.

ბლოკი ცდილობს გამოიყენოს ყველა რესურსი რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ქსელის ოპერატორების მონაცემებით, უკრაინის გავლით, რუსული გაზის ექსპორტი დღეს ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.

რუსეთის მიერ გასულ თვეში უკრაინაში შეჭრისა და შემდგომი საერთაშორისო სანქციების შემდეგ, გაზის ბაზარი უპრეცედენტო მერყეობით ხასიათდება.

ევროკავშირის კლიმატის მიმართულების ხელმძღვანელი ფრანს ტიმერმანსის თქმით, რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა შესაძლოა, მძიმედ გავლენა იქონიოს ევროპის ეკონომიკაზე.

"უნდა დავრწმუნდეთ, რომ პუტინს საქმეს გავურთულებთ, მაგრამ ჩვენი საზოგადოების დასუსტებას თავიდან ავიცილებთ“,- თქვა მან.

ტიმერმანსის თქმით, ევროპა რუსულ ენერგიაზე სრულ ემბარგოს არ აპირებს. მისივე თქმით, კონტინენტს შეუძლია რუსული გაზის ექსპორტის პოტენციურ შეზღუდვას გაუმკლავდეს.

დღესვე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სანქციები, რომლებიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდა, გაზის და ნავთობის სექტორს არ შეეხება.

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვანესა დეზემი