LIVE

სანქციების შემდეგ რუსეთმა 200-ზე მეტი პროდუქტის ექსპორტი აკრძალა

11 მარ 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 45808
სანქციების შემდეგ რუსეთმა 200-ზე მეტი პროდუქტის ექსპორტი აკრძალა

დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების და ეკონომიკის დასუსტების შემდეგ, რუსეთი 200-ზე მეტი პროდუქტის ექსპორტს კრძალავს. შეზღუდვა არ ეხება ენერგიის და ნედლეულის გაყიდვებს. 

აკრძალვა მოიცავს სატელეკომუნიკაციო, სამედიცინო, სატრანსპორტო, სასოფლო-სამეურნეო და ელექტრო ტექნიკის ექსპორტს, ასევე სატყეო მეურნეობის ზოგიერთ პროდუქტს, როგორიცაა ხე-ტყე.

რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შეზღუდვები მოიცავს რუსეთში ადრე იმპორტირებულ ნივთებს, სამედიცინო აღჭურვილობას,  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას და სხვა. ასევე შეჩერდება "რამდენიმე სახის ხე-ტყისა და მერქნის ნაწარმის ექსპორტი იმ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ მტრულ ქმედებებს ახორციელებენ“.

ეს ღონისძიება "აუცილებელია რუსეთის ბაზარზე სტაბილურობის შესანარჩუნებლად",- აღნიშნულია ვებგვერდზე. 

აკრძალვა მიმდინარე წლის ბოლომდე მოქმედებს და 48 ქვეყანას, მათ შორის აშშ-სა და ევროკავშირს შეეხება.

ბრძანებაში ნათქვამია, რომ საექსპორტო გამონაკლისი შეიძლება იყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები: სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EEU) წევრები.

ამასთან, 31 აგვისტომდე მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვა ევრაზიული კავშირის წევრ ქვეყნებზეც ვრცელდება. 

აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ დაწესებულმა სანქციებმა დიდწილად მოახდინა ქვეყნის გლობალური ეკონომიკისგან იზოლაცია, დაუბლოკა სავალუტო რეზერვებზე წვდომა და ხელი შეუშალა ბევრ რუსულ ბანკს საქმიანობაში. შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა ასევე აკრძალეს რუსული ნავთობის იმპორტი.

რუსეთი რჩება ევროკავშირის ქვეყნებისთვის ენერგიის მთავარ მიმწოდებლად, მიუხედავად იმისა, რომ ბლოკი ცდილობს შეამციროს მასზე დამოკიდებულება. მიმდინარე კვირის დასაწყისში რუსეთი ევროკავშირს დაემუქრა, რომ შეწყვეტდა ჩრდილოეთ ნაკადის 1-ის მეშვეობით ბუნებრივი აირის მიწოდებას. 

სხვა რუსული პროდუქტები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მსოფლიო ვაჭრობაში, მოიცავს ხორბალს, ძვირფას და სამრეწველო ლითონებს და ხეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია