LIVE

მინისტრი მოსახლეობას: მარაგების შექმნის საჭიროება არ არსებობს

10 მარ 202210:39
3 წუთის საკითხავი
clock clock 682
მინისტრი მოსახლეობას: მარაგების შექმნის საჭიროება არ არსებობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, ქვეყანაში პროდუქტების საკმარისი მარაგებია. მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, პანიკური შესყიდვებისგან თავი შეიკავონ.

„გახსოვთ, პანდემიის დასაწყისშიც ადგილი ჰქონდა პანიკურ შესყიდვებს, რის გამოც დახლებზე გარკვეული პროდუქტების დეფიციტი იყო. ეს არ მომხდარა მარაგების უქონლობის გამო. დეფიციტი გამოწვეული იყო იმ პროცესებით, რაც მოქალაქეების მხრიდან მარაგების შექმნას უკავშირდებოდა. მოსახლეობას მინდა მოვუწოდო, მარაგების შექმნისა და ამ მიზნით ზედმეტი შესყიდვების განხორციელების საჭიროება არ არსებობს, რადგან ჩვენ ყველა მიმართულებით, არა მარტო პირველადი მოხმარების, არამედ სხვა პროდუქტების მხრივ, შესაბამისი მარაგები გვაქვს და საზოგადოება მომავალ დღეებში ამას დაინახავს”, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

მისი თქმით, შაქრით მომარაგების შეფერხების საფუძველი არ არსებობს, რადგან ძირითადი მომწოდებელი ბრაზილია, პოლონეთი და თურქეთია.

„მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა და შესყიდვები გაიზარდა, დისტრიბუცია ლოგისტიკურ ჯაჭვში ამ პროცესებს ვერ აჰყვა, რაც გამოსწორდება რამდენიმე დღეში და ჩვენ ვნახავთ, რომ ამ მიმართულებით პრობლემა არ არის”, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

საქართველოში მოსახლეობამ შაქრის პანიკური შესყიდვა დაიწყო, რის გამოც მაღაზიებში თაროები დაცარიელდა. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთსა და უკრაინაზე საქართველოში იმპორტირებული შაქრის 1%-ზე ნაკლები მოდის. კომპანია „აგარის შაქრის“ ინფორმაციით, ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან საკმარისი მარაგები აქვთ.