
ჩინეთი რუსულ ენერგო და ნედლეულის მწარმოებელ კომპანიებში, როგორიცაა Gazprom-ი და ალუმინის მწარმოებელი Rusal International-ი, წილების ყიდვას ან არსებული წილების გაზრდას განიხილავს.
Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით, წერს რომ მოლაპარაკებები ადრეულ ეტაპზეა და აუცილებლად გარიგებით არ დასრულდება. ცალკეული წყაროების ცნობით, ჩინეთსა და რუსულ ენერგო კომპანიებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
რუსეთის უკრაინაში შეჭრამ პეკინზე იმპორტის უზრუნველსაყოფად ზეწოლა გაზარდა, რადგან ენერგიის, ლითონებისა და სურსათის ფასები უპრეცედენტო დონემდე გაიზარდა. ფასების ზრდის ფონზე ჩინეთის მთავრობამ საქონლის მიწოდების უსაფრთხოებისთვის პრიორიტეტის მინიჭების ბრძანება გასცა.
პარალელურად, ქვეყანამ განაცხადა, რომ რუსეთთან ჩვეულებრივ სავაჭრო ურთიერთობას შეინარჩუნებს და რომ მათი მეგობრობა მყარია.
ჩინეთის ინვესტიცია შესაძლოა დაეხმაროს რუსეთის ძალისხმევას ნავთობისა და გაზის მიწოდების გარიგებების აზიაში გადატანაში. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩინეთმა რუსული ენერგეტიკული პროდუქტების შესყიდვა გააორმაგა და თითქმის $60 მილიარდამდე გაზარდა.
Power of Siberia მილსადენმა ჩინეთში გაზის მიწოდება 2019 წელს დაიწყო და Gazprom-ი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ჩინეთთან სხვა მარშრუტის შესახებ, რომელიც შესაძლოა წელს გაფორმდეს. ეს საბოლოოდ საშუალებას მისცემს კომპანიას ჩინეთს საწვავი მიაწოდოს გაზის საბადოებიდან, რომლებიც ამჟამად ევროპას ამარაგებს.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები სრულად აკრძალავს რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტს. რუსული ნავთობის იმპორტზე უარს ამბობს გაერთიანებული სამეფოც. რუსული ნავთობის იმპორტის შესაძლო აკრძალვის შესახებ ევროკავშირის მთავრობების აზრი ორად იყოფა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია