LIVE

ჩინეთის განცხადებით, რუსეთთან მეგობრობა მყარია

07 მარ 202221:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 767
ჩინეთის განცხადებით, რუსეთთან მეგობრობა მყარია

ჩინეთმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა და მოუწოდა ყველა ჩართულ მხარეს დიალოგში ჩაერთონ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ ასევე განაცხადა, რომ ჩინეთის მეგობრობა რუსეთთან მყარია, ხოლო თანამშრომლობის პერსპექტივები ძალიან ფართო.

ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე მინისტრმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას სარგებელი და კეთილდღეობა მოაქვს ორივე ერისთვის.

ვანგ იიმ ასევე დასძინა, რომ ორივე ქვეყანა შეინარჩუნებს სტრატეგიულ ძალას უკრაინის კრიზისის მიუხედავად და „მესამე მხარე“ ჩარევის წინააღმდეგ გააფრთხილა.

ორშაბათს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ჩინეთის რუსეთთან ვაჭრობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. იანვარსა და თებერვალში რუსეთში ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41%-ით არის გაზრდილი.

ეს წლის პირველ ორ თვეში ყველაზე სწრაფი ზრდის მაჩვენებელია ჩინეთის მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის, რაც ქვეყნის ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან ვაჭრობასაც აჭარბებს.

რუსეთი ასევე იყო იმპორტის მეორე ყველაზე დიდი წყარო ჩინეთისთვის, რომელიც მეზობლისგან ენერგეტიკულ პროდუქტებს ყიდულობს.