LIVE

რუსეთს Apple-ი, Nike-ი და ჰოლივუდი ტოვებს - პუტინი იზოლაციაშია

02 მარ 202211:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 939
რუსეთს Apple-ი, Nike-ი და ჰოლივუდი ტოვებს - პუტინი იზოლაციაშია

გასულ კვირას რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მსოფლიო აღშფოთება, სავაჭრო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები გამოიწვია. ახლა 145 მილიონიანი ერი  მსოფლიოს ბევრ ყველაზე საკულტო ბრენდს კარგავს.

Apple-მა რუსეთში iPhone-ისა და მისი სხვა ტექნოლოგიური პროდუქტების გაყიდვა შეაჩერა. გადაწყვეტილება კომპანიამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიიღო. Apple-ი აცხადებს, რომ კომპანია დგას ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც ძალადობის შედეგად დაზარალდა.

ტექნოლოგიური გიგანტის განცხადებით, რუსეთში ექსპორტი გასულ კვირას შეწყვიტა, რასაც საბოლოოდ გაყიდვების შეჩერება მოჰყვა. iPhone-ის მწარმოებელმა უკრაინის მხარდასაჭერად App Store-იდან RT News-ის და Sputnik News-ის აპლიკაციებიც ამოიღო. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Apple-ი ქვეყანაში გაყიდვებს წყვეტს. გასულ წელს კომპანიამ თურქეთში გაყიდვები ეკონომიკური არეულობისა და ვალუტის რყევების გამო მცირე ხნით შეაჩერა.

Apple-ის აქციები ამბის გავრცელების შემდეგ, დღის განმავლობაში 1.2%-ით დაეცა.

რუსეთში გაყიდვები ასევე შეწყვიტა კიდევ ერთმა ამერიკულმა ბრენდმა Nike-მა. ქვეყანაში ექსპორტი რუსეთში პერსონალური კომპიუტერების უმსხვილესმა მიმწოდებელმა, HP-მაც შეაჩერა.

ჰოლივუდის სტუდიებმა, როგორიცაა Walt Disney და WarnerMedia, ქვეყანაში ახალი ფილმების გამოშვება შეაჩერეს.

რუსეთის ბაზარს არ ტოვებენ მხოლოდ ამერიკული ბრენდები. ბრიტანულმა BP-მ მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ რუსულ Rosneft-ში 20%-იან წილს ყიდის. იგივე სვლა გააკეთა Shell-მაც და მიზეზად რუსეთის "უაზრო სამხედრო აგრესიის აქტი" დაასახელა. DaimlerTruck-მა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული მანქანების მწარმოებელია, ქვეყანაში ბიზნეს საქმიანობა ასევე შეწყვიტა.

კომპანიების ეს ნაბიჯები ასახავს კულტურულ და კომერციულ განხეთქილებას, რომელიც 1980-იანი წლების ბოლოდან, ცივი ომის დასრულების შემდეგ არ დაფიქსირებულა. iPhone-იდან Air Jordan-ებამდე რუსული ბაზრიდან სუპერ პოპულარული ამერიკული ბრენდები ქრება. ამის დაიგნორება რუს მომხმარებელს ძალიან გაუჭირდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ გურმანი