LIVE

რუსმა მილიარდერებმა $32 მილიარდით იზარალეს - Bloomberg

23 თებ 202214:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1103
რუსმა მილიარდერებმა $32 მილიარდით იზარალეს - Bloomberg

მიმდინარე წელს სუპერმდიდარი რუსების ქონება $32 მილიარდით შემცირდა და უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის გამო შესაძლოა, მათ კიდევ უფრო მეტი თანხა დაკარგონ. 

რუსი მილიარდერების სიაში, რომელთა სიმდიდრე მკვეთრად დაეცა, გენადი ტიმჩენკო ლიდერობს. Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, მან მიმდინარე წელს ქონების თითქმის მესამედი დაკარგა. ტიმჩენკო, საბჭოთა ოფიცრის ვაჟი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს 1990-იანი წლების დასაწყისში დაუმეგობრდა, ახლა დაახლოებით $16 მილიარდის ქონებას ფლობს და სიმდიდრის უმეტესი ნაწილი რუსული გაზის მწარმოებელ Novatek-ის წილზე მოდის. 

Novatek-ის ერთ-ერთი მეწილის, ლეონიდ მიხელსონის წმინდა ქონება წელს $6,2 მილიარდით შემცირდა, ხოლო "ლუკოილის' თავმჯდომარემ, ვაგიტ ალეკპეროვმა დაახლოებით $3,5 მილიარდი დაკარგა იმ პერიოდში, როდესაც ენერგეტიკული კომპანიის აქციები თითქმის 17%-ით დაეცა.

მიმდინარე კვირაში რუსეთის ბაზარი კიდევ უფრო დაზარალდა მას შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინაში ორი სეპარატისტული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა. საპასუხოდ, გერმანიამ Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა. სანქციები დააწესეს აშშ-მა, ბრიტანეთმა, კანადამ, ევროკავშირმა, იაპონიამ და ავსტრალიამ. 

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ქვეყნის ხუთ ბანკს და სამ რუს მილიარდერს, მათ შორის ტიმჩენკოს. სანქცირებულთა შორისაა ბორის როტენბერგი და მისი 48 წლის ძმისშვილი იგორი, რომლებმაც ქონება გაზსადენის სამშენებლო კომოანია Stroygazmontazh-ში გამოიმუშავეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბენჯამინ სტეპლსი