LIVE

ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა

19 თებ 202212:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1094
ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა
Reuters

რუსეთის მიერ კონტროლირებადი, სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის ლიდერებმა ხელი მოაწერეს “განკარგულებას” საყოველთაო სამხედრო მობილიზაციის შესახებ. შესაბამისი „დოკუმენტი“ რუსულმა პროპაგანდისტულმა ვებ-გვერდებმა გაავრცელეს.

“დღეს მოვაწერე ხელი განკარგულებას საყოველთაო მობილიზაციის შესახებ. მივმართავ რესპუბლიკის ყველა მამაკაცს, ვისაც შეუძლია იარაღის ხელში აღება, დადგეს მათი ოჯახების მხარდასაჭერად”, - განაცხადა ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ლიდერმა, დენის პუშლინმა პროპაგანდისტულ ვიდეოში, რომელიც სავარაუდოდ იმავე დღეს გადაიღეს, როდესაც რეგიონის ევაკუაციის შესახებ ვიდეო ჩაიწერა.

18 თებერვალს, კრემლის მიერ კონტროლირებადმა სეპარატისტებმა დონეცკსა და ლუგანსკში  ქალებისა და ბავშვების დაუყოვნებელი ევაკუაცია რუსეთში გამოაცხადეს. ამას მოჰყვა აფეთქებების სერია. BBC-მ მეტამონაცემებზე დაყრდნობით გაარკვია, რომ ევაკუაციის მოწოდების შესახებ ვიდეოები ესკალაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრეა გადაღებული.

ევაკუაციის, საერთო მობილიზაციისა და აფეთქებების სერიის ფონზე, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიღებული აქვს და მათი ინფორმაციით, კრემლი იერიშს კიევზე მიიტანს.