შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის დედაქალაქზე, კიევზე თავდასხმას აპირებს და დარწმუნებულია, რომ პუტინს შეჭრის გადაწყვეტილება მიღებული აქვს.
“ვვარაუდობთ, რომ რუსეთის ჯარები უკრაინის დედაქალაქ კიევს დაარტყამენ. ქალაქს, სადაც 2.8 მილიონი უდანაშაულო ადამიანი ცხოვრობს. ამ მომენტისთვის დარწმუნებული ვარ, რომ მან (პუტინმა) გადაწყვეტილება მიიღო ”, - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბრიფინგზე.
ჯო ბაიდენი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის „ცრუ საბაბის შექმნის“ მცდელობაში ადანაშაულებს, თუმცა ნატო რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ერთიანია.
„მაგალითად, გუშინდელი უკრაინული საბავშვო ბაღის დაბომბვა, რომელიც რუსეთის ცრუ მტკიცებით, უკრაინამ განახორციელა. ჩვენ ასევე ვხედავთ უფრო და უფრო მეტ დეზინფორმაციას, რომელსაც ავრცელებს რუსეთი და მისი მხარდაჭერილი სეპარატისტები, თითქოს უკრაინა ამზადებს მასშტაბურ შეტევით ოპერაციას დონბასში. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ამ პრეტენზიებისთვის და ელემენტარულ ლოგიკას ეწინააღმდეგება იმის დაჯერება, რომ უკრაინელები აირჩევენ ამ მომენტს, 150 000-ზე მეტი ჯარისკაცით მათ საზღვრებზე, ერთი წლიანი კონფლიქტის ესკალაციისთვის”.
ბაიდენი მოუწოდებს რუსეთს, თავიდან აიცილოს “კატასტროფული და არასაჭირო ომი”.
“მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება ჯერ კიდევ არ არის დაგვიანებული. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვსა და სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შორის შეთანხმება შედგა, რომ 24 თებერვალს შეხვდებიან, მაგრამ თუ რუსეთი ამ თარიღამდე სამხედრო ესკალაციას მოახდენს, მაშინ ნათელი გახდება, რომ მათ დიპლომატიას კარი დახურეს და ომი აირჩიეს, რისთვისაც დიდ ფასს გადაიხდიან”, - განაცხადა ბაიდენმა.